ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს უახლოეს თვეებში შეხვედრა შესთავაზა

ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონი საუბარი შედგა, რომლის ფარგელბშიც, აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან უახლოეს თვეებში ნეიტრალურ ქვეყანაში შეხვედრის სურვილი გააჟღერა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს. 

როგორც თეთრი სახლის პრეს-რელიზშია ნათქვამი, "ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების დამყარების სურვილი, აშშ-ის ნაციონალური ინტერესების შესაბამისად." ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს უახლოეს თვეებში "მესამე" ქვეყანაში შეხვედრა და ორ ქვეყანას შორის არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა შესთავაზა. 

გარდა ამისა, რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრის დროს სხვადასხვა რეგიონალური და გლობალური საკითხები განიხილეს. "პრეზიდენტმა გასაგები გახადა, რომ აშშ მტკიცედ დაიცავს თავის ინტერესებს რუსეთის ისეთი ქმედების საპასუხოდ, როგორიცაა, არჩევნებში ჩარევა და კიბერშეტევები",- ნათქვამია პრეს-რელიზში. 

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის საუბარი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო, სადაც ამერიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა აშშ-ს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.