ბოლო კვირებში უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო პოტენციალის ზრდის ფონზე, აშშ უკრაინის მხარდასაჭერად შავ ზღვაში დამატებითი სამხედრო გემების გაგზავნას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN პენტაგონის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, აშშ უკრაინაში სამხედრო გემების გაგზავნას უახლოესი კვირების განმავლობაში გეგმავს, ამის მიზეზი კი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ესკალაციაა. პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალები რეგულარულად მოქმედებენ შავ ზღვაში, თუმცა დამატებითი სამხედრო გემების გაგზავნა მოსკოვისთვის განსაკუთრებული სიგნალი იქნება, რომ ვაშინგტონი ვითარებას ყურადღებით აკვირდება."
მონტროს კონვენციის მიხედვით, აშშ-მ თურქეთი 14 დღით ადრე უნდა გააფრთხილოს, რათა მათ დარდანელის და ბოსფორის სრუტეში გასვლის უფლება მიიღონ. ჯერჯერობით უცნობია ოფიციალურად უკვე აცნობა თუ არა აშშ-მა თურქეთის გეგმების შესახებ. პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, აშშ ჯერჯერობით არ აღიქვამს რუსეთის ნაბიჯებს თავდასხმითი ოპერაციისთვის მზადებად. მისი თქმით, უწყების დასკვნა ამ დროისთვის ის არის, რომ რუსეთი ადგილზე წვრთნებს და სწავლებებს მართავს, ამასთანავე დაზვერვას არ აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი თავდასხმითი ოპერაციისთვის ემზადება, თუმცა დასძინა, რომ აშშ მოვლენათა განვითარების ნებისმიერი სცენარისთვისაა მზად.
აღმოსავლეთ უკრაინაში ესკალაციის გაღრმავების ფონზე, საერთაშორისო თანამეგობრობა აღშფოთებას გამოთქვამს. გასულ კვირას პრეზიდენტი ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, თავდაცვის მდივანი, ოსტინ ლოიდი და პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ტელეფონით ესაუბრნენ თავიანთ უკრაინელ კოლეგებს.
თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, რომ "რუსეთის ქმედებები ღრმა აღშფოთებას იწვევს. ფსაკიმ, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ ცნობილი მიმდინარე კვირაში გახდება. შეშფოთება გამოთქვეს პენტაგონისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმაც.
დღესვე სატელეფონო საუბარში უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს ანგელა მერკელმა და ვლადიმერ პუტინმა. გერმანიის ფედერალური მთავრობის ინფორმაციით, ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული სამხედრო ნაწილების გაყვანა მოთხოვა.
უფრო მეტი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ესკალაციაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.