ალტ-ინფოს პარტიის ჩხოროწყუსა და ხონის ოფისის ხელმძღვანელები ამავე რაიონების მერიის ა(ა)იპებში მუშაობენ

2021 წლის ნოემბერში დაარსებული პრორუსული პარტია “კონსერვატიული მოძრაობა”, რომელიც მანამდე ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე ძალადობაში ბრალდებულმა ორგანიზაცია ალტ-ინფოს წევრებმა დაარსეს, უკვე 1 თვეზე მეტია, რაც რეგიონალურ ოფისებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ხსნის.

ჩხოროწყუ

2022 წლის 19 თებერვალს მათ ოფისი გახსნეს  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, რომელსაც მათივე ინფორმაციით ადგილობრივები – ბექა გაბედავა და ემზარ მიქავა ხელმძღვანელობენ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოფისის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ემზარ მიქავა უკვე 4 წელია, რაც ჩხოროწყუს მერიის ერთ-ერთ ა(ა)იპ-ში  მუშაობს: "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრში” უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე. ეს ა(ა)იპ მერიის დაქვემდებარებაშია, რაც ნიშნავს რომ მისი ხელმძღვანელობა და თანამშრომლები მერიის მიერ კომპლექტდება და თანაშრომლებიც ჩხოროწყუს ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს.

ა(ა)იპ-ის დირექტორი ბესიკ კვირკველია სატელეფონო საუბარში ადასტურებს, რომ ემზარ მიქავა უკვე 4 წელია, რაც მის სამსახურში მუშაობს და მან ასევე იცის მიქავას პარტიული საქმიანობის შესახებ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივების ინფორმაციით, სახელმწიფო სამსახურში მუშაობს ალტ-ინფოს ჩხოროწყუს ოფისის კიდევ ერთი წარმომადგენელი მანუჩარ შენგელიაც, რომელიც ჩხოროწყუს სახანძრო სამსახურშია დასაქმებული. 

ხონი

იდენტური მდგომარეობაა ხონის მუნიციპალიტეტშიც, სადაც კონსერვატიულმა მოძრაობამ ოფისი 21 თებერვალს გახსნა. მათ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ოფისს გია მანაგაძე ხელმძღვანელობს. 

აღსანიშნავია, რომ გია მანაგაძე უკვე წლებია მუშაობს ა(ა)იპ ხონის კომუნალური სერვის-ცენტრში, რასაც ამავე სამსახურის ხელმძღვანელი აკაკი გოფოძე ადასტურებს. მისი თქმით, მანაგაძე შესანიშნავი თანამშრომელი და ადამიანია.

ალტ ინფოს ხონის ოფისის კიდევ ერთი თანამშრომელი სოსო სულავა აგრეთვე წლებია, ხონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ხონის სამხატვრო სკოლაში მუშაობს, რასაც ამავე ა(ა)იპის ხელმძღვანელი სატელეფონო საუბარში ადასტურებს.

დასკვნა

რეგიონებში იკვეთება ფაქტები, რომ პრორუსული პარტიის “კონსერვატიული მოძრაობის” წევრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, ან მმართველი პარტიის წევრები მათ საკუთარი ქონებით ეხმარებიან პარტიულ საქმიანობაში. ამ უკანასკნელის მაგალითია წყალტუბო, სადაც კონსერვატიულ მოძრაობას ოფისი ქართული ოცნების დეპუტატის კუთვნილ ფართში აქვს გახსნილი. ამის შესახებ ფლანგვის დეტექტორი გასულ კვირაში წერდა. ამჯერად ჩამონათვალს ჩხოროწყუ და ხონი ემატება, სადაც კონსერვატიული მოძრაობის ადგილობრივი ოფისების ხელმძღვანელები ამავე დროს მერიის ა(ა)იპის თანამშრომლები არიან და ხელფასს ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებენ.

წყარო:

  1. https://www.facebook.com/conservative.movement.official/posts/127562343130027 

  2. https://www.facebook.com/profile.php?id=100010537663888 - ემზარი მიქავა (ფოტოები)

  3. https://www.chkhorotsku.gov.ge/ge/aaip-chxorocqus-municipalitetis-mekanizaciis-dasuptavebis-ketilmocqobisa-da-sasaplaoebis-movla 

  4. https://www.facebook.com/manuchar.shengelia.37 

  5. https://www.facebook.com/squanderdetector/photos/a.1887513711524070/3188882264720535/ 

  6. https://www.facebook.com/gia.managadze.33/photos_by - გია მანაგაძე (ფოტოები)