2.67 მილიონად ღირებულ 15 ავტობუსში ზუგდიდის მერიამ 3.33 მილიონი ლარი გადაიხადა

“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად მომსახურების შემსყიდველმა საჯარო დაწესებულებამ ტენდერის გამოცხადებამდე უნდა ჩაატაროს ბაზრის კვლევა და შესყიდვის პირობები განსაზღვროს იმგვარად, რომ მიწოდების ბაზარზე არსებული ალტერნატივები არ შეიზღუდოს, ხოლო კონკურენცია წახალისდეს. ამისთვის საჯარო დაწესებულებებს შესაბამისი კადრები ჰყავთ, რაშიც ისინი ბიუჯეტიდან ანაზღაურებას იღებენ .

მიუხედავად ამისა, ხშირია სახელმწიფო შესყიდვების დროს კონკურენციის ხელოვნურად შეზღუდვისა და სატენდერო პირობების კონკრეტულ მიმწოდებელზე მორგების ფაქტები. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვქონდა საქმე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2019 წელს, როდესაც ადგილობრივმა მთავრობამ 15 ერთეული ავტობუსის შეძენა გადაწყვიტა.

გამოვლენილი გარემოება:

2019 წელს ზუგდიდის მერიამ გამოაცხადა ტენდერი 15 ერთეული ავტობუსის შესაძენად, სავარაუდო ღირებულებით 3.42 მლნ ლარი. ამ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა შპს “ჯი თი გრუპმა”, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა 3.33 მლნ ლარზე. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ზუგდიდის მერიას სავარაუდოდ ხელოვნურად ჰქონდა კონკურენცია შეზღუდული და სატენდერო პირობები მორგებული იყო კონკრეტულად შპს “ჯი თი გრუპის” მიერ შემოთავაზებულ ISUZU Novociti-ის მოდელის ავტობუსებს. 

კერძოდ, ავტობუსის ზომებად მოცემული იყო: სიგრძე - არანაკლებ 7500 მმ და არაუმეტეს - 7550 მმ; სიგანე - არანაკლებ 2260 მმ და არაუმეტეს - 2300 მმ; სიმაღლე - არანაკლებ 3300 მმ და არაუმეტეს - 3400 მმ, სადაც ნათლად ჩანს თუ რა მცირე დიაპაზონია განსაზღვრული (50;40,100 მმ) ავტობუსის ზომებისთვის, რაც ფაქტობრივად მხოლოდ ერთი მოდელის ავტობუსს ერგება.

გარდა ამისა, სხვა ტექნიკურ მახასიათებლებში წარმოდგენილი იყო ავტობუსის ფერი, მაქსიმალური წონა, ძრავის მოცულობა, ძრავის სიმძლავრე, გამონაბოლქვის ემისიის კლასი, შიდა სიმაღლე და სხვ. ასევე − გადაცემათა კოლოფი, ძრავა და ავტობუსი უნდა ყოფილიყო ერთი მარკის. 

ტექნიკური მახასიათებლების ამგვარი დეტალური და თანაც მცირე დიაპაზონით განსაზღვრა ამყარებს ეჭვს, რომ ეს ტენდერი მორგებული იყო კონკრეტული მარკის ავტობუსზე, რომლის დილერიც საქართველოში სწორედ შპს “ჯი თი გრუპი” იყო.

ამავე დროს ამ ტენდერში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდა კიდევ ხუთი კომპანია, რომელთა უფლება შეიზღუდა, რადგან სატენდერო პირობები მორგებული იყო კონკრეტულ მიმწოდებელზე. ამის შესახებ ისინი სახელმწიფო შესყიდვების საიტის სპეციალურ ველში, შემსყიდველთან მიმოწერის დროსაც ჩიოდნენ და ამბობდნენ რომ კონკურენცია ხელოვნურად იყო შეზღუდული, თუმცა ზუგდიდის მერიას ამაზე რეაგირება არ მოუხდენია.

გარდა იმისა რომ კონკურენცია ხელოვნურად იყო შეზღუდული, ზუგდიდის მერიას ტენდერის გამოცხადებამდე არც ბაზრის კვლევა ჩაუტარებია, რათა დაედგინა, დაახლოებით რა იყო მსგავსი მახასიათებლების მქონე ავტობუსის საბაზრო ღირებულება და ამით მაქსიმალურად დაეზოგა საბიუჯეტო სახსრები. აუდიტის სამსახურს ზუგდიდის მერიაში განუცხადეს, რომ ბაზრის კვლევა ჩაატარეს, თუმცა მიმწოდებლებთან კითხვარი ავტობუსების ფასებზე გააგზავნეს ყოფილი თანამშრომლის ელ-ფოსტით, რომლის პაროლიც ვერ აღადგინეს, შესაბამისად კვლევა ჩატარებული იყო, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არ  ჰქონდათ.

ამ საეჭვო არგუმენტის შემდეგ, აუდიტის სამსახურმა თავად ჩაატარა კვლევა და აღმოჩნდა, რომ მსგავსი მახასიათებლების ავტობუსს ერთ-ერთი კომპანია სხვა მუნიციპალიტეტს 178,000 ლარად სთავაზობდა დროის იმავე პერიოდში, მაშინ როდესაც ჯი თი გრუპისგან ზუგდიდის მერიამ ერთი ავტობუსი 220,000 ლარად იყიდა.

შპს “ჯი თი გრუპი”

აღსანიშნავია, რომ თავად კომპანია “ჯი თი გრუპი” და მისი მესაკუთრეებიც მმართველ პარტიასთან არიან დაკავშირებულნი. კომპანია 2010 წელს დაარსდა და ამის შემდგომ აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში. შპს “ჯი თი გრუპის” 33-33% და 34%- იან წილებს ფლობენ: გიორგი თავდიშვილი, თემურ უსტიაშვილი და გიორგი გველესიანი, ხოლო 2019 წელს ზუგდიდის მერიასთან აღნიშნული ხელშეკრულების დადების დროს კომპანიის დირექტორი იყო ლევან გოგსაძე, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატის ბექა ოდიშარიას ქვისლია. კომპანიის მესაკუთრეები მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები არიან, კერძოდ:  თემურ უსტიაშვილმა 2016 წელს ქართულ ოცნებას 60,000 ლარი შესწირა, გიორგი გველესიანმა 2016 წელს 60,000 ლარი მმართველ პარტიას და 2018 წელს 60,000 ლარი სალომე ზურაბიშვილს შესწირა. თავად ლევან გოგსაძეც საკმაოდ მსხვილი შემომწირველია, მან 2016 წელს ქართულ ოცნებას 38,000 ლარი შესწირა.

საბოლოო ჯამში ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მფლობელებმა და დირექტორმა ამ ტენდერში გამარჯვებამდე ქართულ ოცნებას ჯამში 218,000 ლარი შესწირეს, ხოლო კომპანიის მაშინდელი დირექტორი ქართული ოცნების გავლენიანი დეპუტატის ქვისლი იყო. მმართველ პარტიასთან კომპანიიის წარმომადგენელთა მსგავსი მჭიდრო კავშირები შესაძლოა ხსნიდეს იმ ფაქტს, თუ რატომ იყო სატენდერო პირობები კონკრეტულად ამ კომპანიას მორგებული და რატომ შეზღუდა ხელოვნურად ზუგდიდის მერიამ კონკურენცია.

წყარო:

 

  1. NAT190003055 - ავტობუსების ტენდერი

  2. https://tenders.procurement.gov.ge/# - შესყიდვების საიტი

  3. 200119923 - შპს ჯი თი გრუპი

  4. https://www.transparency.ge/politicaldonations/ - პარტიების შემოწირულობა

  5. https://www.my.gov.ge/ka-ge/services/10/service/179 - ბიზნესის რეესტრი

  6. https://cutt.ly/5Or9wlN - აუდიტის დასკვნა