ქართულ ოცნებიდან პარლამენტში 13 მილიონერი დეპუტატია და 2021 წელს 4 მათგანს მიკროფონი საერთოდ არ ჩაურთავს

რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს საქართველოს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

ცხადია ამგვარი უფლებამოსილების განხორციელების ეტაპი თავისთავად უნდა მოიცავდეს პარლამენტის წევრის მხრიდან  სიტყვით გამოსვლის, შეკითხვის დასმას, განცხადების გაკეთებას, კანონპროექტებისა და სხვა განსახილველი საკითხების შესახებ მოსაზრებების გამოთქმას.  

“ფლანგვის დეტექტორმა” გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია 2021 წლის პარლამენტის პლენარულ სხდომებზე საქართველოს პარლამენტის წევრების სიტყვით გამოსვლების რაოდენობის შესახებ. 

რადგან 2021 წელს არსებული პოლიტიკური ვითარების გამო, რომელიც მათ შორის მოიცავდა ოპოზიციის წევრების  ბოიკოტს, რაც გამოიხატებოდა სხდომებეზე არდასწრებასა და პარლამენტში საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმაში, რთულია შევაფასოთ ოპოზიციის სიტყვით გამომსვლების მაჩვენებელი. ამიტომ ძირითადად  უმრავლესობის/მმართველი პარტიის წევრთა აქტიურობაზე ვკონცენტრირდებით. 

2021 წელს განვითარებული მოვლენების გამო, მათ შორის, პანდემია, ინფლაცია, სასამართლო რეფორმა და მოსამართლეთა დანიშვნები, აქციები და ძალადობრივი შემთხვევები, ცხადია პარლამენტის წევრებს ბევრი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი ჰქონდათ თავიანთი აზრის დასაფიქსირებლად. ამასთანავე 2021 წელს გაიმართა 62 პლენარული სხდომა. პარლამენტმა 338 კანონი მიიღო სამივე მოსმენით, პირველი მოსმენით განიხილა 63 კანონის პროექტი, ხოლო მეორე მოსმენით − 8 კანონის პროექტი. 

თუმცა მიუხედავად განსახილველი საკითხების მრავალფეროვნებისა და რაოდენობისა, მონაცემები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატებიდან საკუთარი მოსაზრება 10-ზე ნაკლებჯერ გამოხატა 45%, მათ შორის 12% მოსაზრება ერთხელაც არ დაუფიქსირებია. 

მმართველი პარტიის პარლამენტართა სია, რომლებსაც წლის მანძილზე  ერთხელაც კი არ ჩაურთავთ მიკროფონი შემდეგნაირად გამოიყურება: ელგუჯა გოცირიძე, ედიშერ თოლორაია, სუმბატ კიურეღიანი, სამველ მანუკიანი, ზაალ მიქელაძე, დიმიტრი სამხარაძე, ლევან ქარუმიძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ირაკლი ხახუბია, ვიქტორ ჯაფარიძე. 

თუმცა მდუმარე დეპუტატები შეგვიძლია ვუწოდოთ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც წლის მანძილზე ხმა მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ამოიღეს, ამ სიაში კი 8 დეპუტატი მოხვდა: სავალან მირზოევი, ალექსანდრე ტაბატაძე, ზაურ დარგალი, ისკო დასენი, გოჩა ენუქიძე, ლევან კობიაშვილი, რესან კონცელიძე, გოგი მეშველიანი. 

საინტერესოა, მილიონერი პარლამენტის წევრების აქტიურობის მაჩვენებელი ამ მიმართულებით. მონაცემების მიხედვით, მილიონერი პარლამენტარები აქტიურობით არ გამოირჩევიან და მათი მიკროფონით სარგებლობის მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

 

  • ვასილ ჩიგოგიძე - 0

  • ირაკლი ხახუბია - 0

  • ვიქტორ ჯაფარიძე - 0

  • ელგუჯა გოცირიძე - 0

  • ისკო დასენი - 2

  • გოჩა ენუქიძე - 2

  • ზაალ დუგლაძე - 3

  • პაატა კვიჟინაძე - 7

  • ანტონ ობოლაშვილი - 8

  •  გიორგი ამილახვარი -16 

  • თამარ ტალიაშვილი - 26

  • ბექა ოდიშარია - 27

  • ნინო წილოსანი - 116

 

მიკროფონით სარგებლობის მაჩვენებელის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ოცნების ერთადერთი აქტიური მილიონერი დეპუტატი ნინო წილოსანია, რომელმაც წლის მანძილზე 116-ჯერ ისარგებლა მიკროფონის ჩართვის უფლებით. 

პარალელურად 2020-2022 წლებში პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციების დასაფინანსებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან ჯამში  186,754,900 ლარი გამოიყო. ბოლო სამი წელია  წლებში პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება, ისევე როგორც შრომის ანაზრაურებაზე დახარჯული თანხების მოცულობა მუდმივად იზრდება. 2020-2022 წლების განმავლობაში 1131-დან 1882 ადამიანამდე იყო დასაქმებული, ხოლო მათი შრომის ასანაზღაურებლად ბიუჯეტიდან ჯამში 99,337,800 ლარი დაიხარჯა, რაც სამი წლის განმავლობაში სრული დაფინანსების 53% შეადგენს. 

რაც შეეხება უშუალოდ პარლამენტის წევრის ყოველთვიური ფიქსირებული შრომის ანაზღაურებას, ის  4624 ლარიდან 6740 ლარამდე მერყეობს. შრომის ანაზღაურება იცვლება პარლამენტის წევრის მიერ დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. 

თანამდებობის მიხედვით პარლამენტის წევრთა შრომის ანაზღაურება: 

  • პარლამენტის თავმჯდომარეს – 6740 ლარი;

  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 6400 ლარი;

  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 6340 ლარი;

  • კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს – 5540 ლარი;

  • კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 4800 ლარი;

  • კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს – 4740 ლარი;

  • პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, – 4624 ლარი

 

წყარო:

 

  1. პასუხი https://cutt.ly/oIghxUe 

  2. ბიუჯეტი https://cutt.ly/FIgsaYJ 

  3. პარლამენტის რეგლამენტი https://cutt.ly/wIgsjO7 

მილიონერი დეპუტატები https://cutt.ly/XIgsRLr