Ზუგდიდში ახალი ბიუჯეტი ძველმა საკრებულომ დაამტკიცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი, რომელიც 47,200,000 ლარით განისაზღვრა 2017 წლის საკრებულომ 26 ნოემბერს ჩატარებულ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.
 
სხდომა ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ძველი საკრებულოსთვის მომავლი წლის ბიუჯეტი დაემტკიცებინა და მასში ცვლილებები შეეტანა.
უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 2022 წელს 47,200,000 ლარს დახარჯავს. აქედან:
მთლიანობაში 7,049,100 ლარი დაიხარჯება შრომის ანაზღაურებებზე, რაც 2021 წლის ბიუჯეტში განსაზღვრულ 5,776,100 ლარზე - 1,273,000 ლარით მეტია.
 
ხელფასები ეზრდებათ ზუგიდიდის მერიასა და საკრებულოში დასაქმებულ ადამიანებსაც, მიუხედავად იმისა, რომ ამ უწყებებში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა არ იცვლება.
 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2021 წელს 29 ადამიანია დასაქმებული, იგივე რაოდენობაა განსაზღრვრული 2022 წელსაც, თუმცა მათი ხელფასები მთლიანობაში - 443,000 ლარით 1,382,400 ლარამდე იზრდება.
 
იგივე სურათია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაშიც - 2021 წელს დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა 282-ია, რაც 2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით მომავალ წელსაც იგივე რჩება, თუმცა ხელფასები აქაც იზრდება - 769,600 ლარით და 5,408,300 ლარს მიაღწევს.
ხელფასების ზრდის პარალელურად კი, მცირდება ისეთი ქვეპროგრამების დაფინანსება, რომლებიც სოციალური და საზოგადოებრივი თემატიკისაა.
 
მათ შორის არის:
 
დევნილთა მხარდაჭერის ქვეპროგრამა (ნომრით 06 02 10), რომელიც 2021 წელთან შედარებით 10,000 ლარით მცირდება
სოციალური დაცვის ქვეპროგრამა (ნომრით 06 02), რომელიც 2021 წელთან შედარებით 23,000 ლარით მცირდება
უსახლკაროდ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა (ნომრით 06 02 14) 2021 წელთან შედარებით 88,000 ლარით მცირდება
განათლების ქვეპროგრამა (ნომრით 04 00) 2021 წელთან შედარებით 2,807,000 ლარით მცირდება
 
მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების ქვეპროგრამა (ნომრით 02 04) 412,000 ლარით მცირდება
2022 წლის ბიუჯეტი ძველმა საკრებულომ დაამტკიცა ბათუმშიც, სადაც ბიუჯეტში დაახლოებით ისეთივე ცვლილებები შევიდა, როგორიც ზუგდიდში - ხელფასების ზრდა დაიგეგმა მერიაში, საკრებულოში, ა(ა)იპებ-ში და დაფინანსებები შეუმცირდა ისეთ ქვეპროგრამებს, როგორებიც არის - ღამის დროებითი თავშესაფარი, უფასო სასადილოები, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა.
 
წყაროები:
 
ზუგდიდის 2022 ის ბიუჯეტი - https://matsne.gov.ge/ka/document/view/5288434?publication=0
ზუგდიდის 2021 ის ბიუჯეტი - https://matsne.gov.ge/ka/document/view/5075316?publication=0
ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი - https://www.facebook.com/squanderdetector/photos/3099874876954608