წერეთლის გამზირისა და დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია დაწყებამდე თბილისის მერმა განაცხადა - “კარგად გვესმის, რა დიდი პრობლემაა აღნიშნული გამზირის გადაკეტვა, რაც გამოიწვევს დიდ დისკომფორტს გადაადგილების თვალსაზრისით. თუმცა, მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ შეუძლებელია ამ მასშტაბის სამუშაოების წარმოება, თუ არ მოხდება გამზირის დროებით გადაკეტვა“. მოგვიანებით კი დაამატა, რომ „ერთად უნდა გავიჭირვოთ“.
თუმცა, მსგავსად სხვა შემთხვევებისა, როგორებიც მაგალითად ჭავჭავაძის გამზირის ან თუნდაც გოცირიძის მეტროს რეაბილიტაცია იყო, “გაჭირვების” პროცესი იმაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე ამას თბილისის მერია გვპირდებოდა.
მერიამ დიდუბის რაიონში წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით 3 მონაკვეთზე გამოაცხადა ტენდერი:
-
პირველი მონაკვეთი - ცაბაძის ქუჩიდან გვეტაძის ქუჩამდე
-
მეორე მონაკვეთი - გვეტაძის ქუჩიდან სამტრედიის ქუჩამდე
-
მესამე მონაკვეთი - სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე
ლოტი I
პირველ ლოტზე, ანუ ცაბაძის ქუჩიდან გვეტაძის ქუჩამდე გზის რეაბილიტაცია შპს ერ ტე დე-ს დაევალა. თბილისის მერიამ ტენდერი 2023 წლის 18 იანვარს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8,889,150 ლარი იყო. ტენდერში 4 კომპანია იღებდა მონაწილეობას. საბოლოო ჯამში კი ყველაზე დაბალი შეთავაზებით სწორედ შპს ელ ტე დე-მ გაიმარჯვა.
2023 წლის 27 თებერვალს თბილისის მერიამ შპს ერ ტე დე-სთან 8,189,293 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას საპროექტო დოკუმენტაცია 50 კალენდარულ დღეში უნდა წარმოედგინა, ხოლო სამშენებლო სამუშაოების 120 კალენდარული დღეში დაესრულებინა.
თუმცა, მოგვიანებით ხელშეკრულებაში ცვლილებები განხორციელდა და შეიცვალა როგორც დასრულების თარიღი, ასევე სახელშეკრულებო თანხები.
2023 წლის 11 ოქტომბერს ცვლილება შევიდა 27 თებერვალს დადებულ ხელშეკრულებაში და ის გაიზარდა 819,656 ლარით და ნაცვლად 8,189,293 ლარისა გახდა 9,017,949 ლარი.
2023 წლის 10 ნოემბერს შეიცვალა სამუშაოების დასრულების ვადაც და ნაცვლად თავდაპირველი 120 კალენდარული დღისა, გახდა 156 კალენდარული დღე. შესაბამისად სამუშაოები 2024 წლის მარტში უნდა დასრულდეს.
აღსანიშნავია, რომ შპს ერ ტე დე-ს თბილისის მერიამ რამდენიმეჯერ დააკისრა ჯარიმა სამუშაოების არაჯეროვნად და ვადაგადაცილებით შესრულებისთვის. ხელშეკრულების დადების დღიდან კომპანია ჯამში რვაჯერ დაჯარიმდა, ჯარიმის ოდენობამ კი საერთო ჯამში 191,833 ლარი შეადგინა.
კომპანია 2013 წელს დაფუძნდა. კომპანიის ამჟამინდელი მესაკუთრე და დირექტორი ლუხუმ ქართლოსიშვილია, დამფუძნებელი კი ლაშა ქართლოსიშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან. ფლანგვის დეტექტორი, კომპანიის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წელს წერდა. კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას 2015 წლის სექტემბრიდან იღებს.
პირველი ტენდერი „ერ ტე დემ“ მას შემდეგ მოიგო, რაც მფლობელი ლუხუმ ქართლოსიშვილი გახდა. პირველი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში ქართლოსიშვილმა „ოცნებას“ თანხა შესწირა. კომპანიას ჯამში 101ტენდერი აქვს მოგებული, კონტრაქტების საერთო ღირებულება კი 168,095,705 ლარს შეადგენს.
ლოტი II
2023 წლის 27 თებერვალს, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის ხელშეკრულება აგრეთვე გაფორმდა შპს მილენიუმ ბილდერს გრუპ-თან 11,844,540 ლარზე, რაც ყველაზე დაბალი შეთავაზება იყო სხვა კომპანიებთან შედარებით. სამუშაოების შესრულების ვადად ამ შემთხვევაშიც განისაზღვრა 50 კალენდარული დღე. პირველი ვადა საპროექტო დოკუმენტაციის შედგენას მოიცავდა, ხელშეკრულების დადების დღიდან, ესე იგი 27 თებერვლიდან. ხოლო სამუშაოების ბოლომდე დასრულების ვადად 150 კალენდარული დღე დადგინდა, საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენისა და სამუშაოების დაწყების წერილობითი დავალების გაცემის შემდეგ.
2023 წლის ივლისში შეიცვალა სამუშაოების ფინანსური მოცულობა და ნაცვლად 11,844,540 ლარისა, ის განისაზღვრა 13,028,880 ლარით, ანუ გაიზარდა 1,184,340 ლარით.
2023 წლის 20 ოქტომბერს ხელშეკრულებაში შევიდა მეექვსე ცვლილება,და სამუშაოების დასრულების თავდაპირველი ვადა 150 კალენდარული დღიდან 204 დღემდე გაზრდა. შესაბამისად, რეაბილიტაციის დასრულების ვადამ თითქმის ორი თვით გადაიწია.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ ეს კომპანია ამ ხელშეკრულების ფარგლებში 10-ჯერ დააჯარიმა, რადგანაც ის არ ასრულებდა სამუშოებს მაშინ, როდესაც ამის ვალდებულება ჰქონდა. საჯარიმო თანხამ ჯამურად 74,585 ლარი შეადგინა.
მნიშვნელოვანია, რომ მოცემული კომპანია არამხოლოდ მე-2, არამედ მე-3 ლოტზეც ახორციელებს სამუშაოებს. კომპანია 2014 წელს დაფუძნდა და მისი ამჟამინდელი მესაკუთრე და დირექტორი გიორგი ბუტიკაშვილია. კომპანიას ჯამში 94 ტენდერი აქვს მოგებული, მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულებამ კი 111,898,346 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპმა თეიმურაზ ბოჭორიშვილისა (ხიბაზავრის) და ხარაძის ქუჩებზე, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, გზის საფარის რეაბილიტაციაც გააკეთა. შესრულებული სამუშაოს ლაბორატორიული კვლევით (რომელიც თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიამ აწარმოვა) დადგინდა, რომ ბოჭორიშვილის ქუჩაზე შესრულებული სამუშაო ნაწილობრივ არ აკმაყოფილებდა ნორმით გათვალისწინებულ სტანდარტს.
მიუხედავად იმისა, რომ ასფალტის საფარის ზედა ფენის დემონტაჟს და ხარისხიანად ახალი საფარის დაგებას კომპანია საკუთარი ხარჯებით განახორციელებდა და ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან თანხები არ დაიხარჯებოდა, მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაშიც ვადების გახანგრძლივება იქნებოდა საჭირო.
ლოტი III
2023 წლის 27 თებერვალს აგრეთვე გაფორმდა კიდევ ერთი ხელშეკრულება შპს მილენიუმ ბილდერ გრუპთან 8,365,450 ლარის ღირებულებით. ეს იყო წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ე.წ მესამე ლოტი. საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად, ხელშეკრულების დადების დღიდან ესე იგი 27 თებერვლიდან 50 დღე განისაზღვრა. ხოლო სამუშაოების დასრულების ვადად 120 კალენდარული დღე, საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენისა და სამუშაოების დაწყების წერილობითი დავალების გაცემის შემდეგ.
მსგავსად წინა ორი ხელშეკრულებისა, 2023 წლის 15 ივნისს ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რის შედეგადაც მისი ბიუჯეტი გაიზარდა 836,400 ლარით და გახდა 9,201,870 ლარი.
2023 წლის სექტემბერში ხელშეკრულებაში აგრეთვე შევიდა რიგით მეხუთე ცვლილება, რის შედეგადაც სამუშაოების დასრულების ვადამ გადაიწია 60 დღით და ნაცვლად 120 კალენდარული დღისა, გახდა 180 დღე.
თბილისის მერიამ აგრეთვე რვაჯერ დააჯარიმა კომპანია აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოების არშესრულების გამო, ჯამურად 44,168 ლარის ღირებულებით.
დიდუბის ხიდი
რაც შეეხება ე,წ დიდუბის ხიდის რეაბილიტაციის ტენდერს, მასში კომპანია ავტოგზა ლენტეხი 99-მა უკონკურენტოდ გაიმარჯვა და მასთან ხელშეკრულება 2023 წლის 22 მარტს გაფორმდა 4,243,372 ლარის ღირებულებით. სამუშაოების დასრულების ვადად 180 კალენდარული დღე განისაზღვრა, წერილობითი დავალების მიცემიდან.
მსგავსად წინა შემთხვევებისა აღნიშნული ხელშეკრულების დაფინანსებაც გაიზარდა და 2023 წლის 10 ოქტომბრის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება გახდა 4,529,600 ლარი, ანუ 286,226 ლარით მეტი ვიდრე თავდაპირველად.
გაიზარდა აგრეთვე სამუშაოების დასრულების ვადაც და 2023 წლის 10 ოქტომბრის ცვლილების თანახმად ის 180 კალენდარული დღის ნაცვლად 195 დღე გახდა.
ეს კომპანია 12-ჯერ დააჯარიმა თბილისის მერიამ სამუშაოების არ შესრულების გამო. როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, აქაც ჯარიმის რაოდენობა სახელშეკრულებო ღირებულების 0.06%-ს უდრის, შესაბამისად ჯამურად მან 32,600 ლარი შეადგინა.
კომპანია 2000 წელს დაფუძნდა. კომპანიას დღემდე 61 ტენდერი აქვს მოგებული. მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება 41,077,741 ლარს შეადგენს.
შეჯამება
წერეთლის გამზირის სამ ლოტად რეაბილიტაციის პროცესში, შერჩეული იქნა ორი კომპანია - შპს ერ ტე დე და შპს მილენიუმ ბილდერ გრუპი. 2023 წლის 27 თებერვალს მათთან გაფორმდა ხელშეკრულებები ჯამური ღირებულებით 28,399,283 ლარი. მიუხედავად ამისა სამივე ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, რის შედეგადაც მისი ღირებულება გაიზარდა 2,840,396 და შეადგინა 31,239,679 ლარი.
ცვლილებები შევიდა სამივე ხელშეკრულებაში სამუშაოების დასრულების ვადებთან დაკავშირებითაც და 2023 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით ამ ვადებმა საშუალოდ 50 დღით გადაიწია. (36 დღე პირველი ლოტი, 54 დღე მეორე ლოტი, 60 დღე მესამე ლოტი). შესაბამისად წერეთლის რეაბილიტაცია სავარაუდოდ 2024 წლის იანვრის ნაცვლად, მარტის თვეში დასრულდება.
შესაბამისად, არასწორი დაგეგმარებისა თუ სავარაუდო კორუფციული გარიგების გამო თბილისის მერია თითქმის 3 მილიონით მეტს დახარჯავს წერეთლის რეაბილიტაციაში, ხოლო მისი დასრულება საუკეთესო შემთხვევაში თითქმის ორი თვის დაგვიანებით მოხდება.
ამავე დროს აღსანიშნავია ისიც, რომ მერიამ აღნიშნული კომპანია ხელშეკრულების დადებიდან დღემდე უკვე ჯამურად 30-ჯერ დააჯარიმა სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების ან სულაც შეუსრულებლობის გამო. ამ ჯარიმების ღირებულებამ ჯამში 310,500 ლარი შეადგინა. დაჯარების ასეთი დიდი რაოდენობაც მიუთითებს რომ თბილისის მერიის მიერ შერჩეული კომპანიები საკმაო პრობლემურობით გამოირჩევიან. ამავე დროს ერთჯერადად დარიცხული ჯარიმა მხოლოდ სახელშეკრულებო ღირებულების 0.06%-ს უდრის, ხოლო თუ გავითვალისწინებთ ხელშეკრულებების გაზრდილ რაოდენობას, მაშინ მასთან შედარებით კომპანიის მიერ ჯარიმებში გადახდილი თანხა მართლაც მიზერული რაოდენობისაა.
აღსანიშნავია ისიც რომ ე.წ დიდუბის ხიდის რეკონსტრუქციისთვის თბილისის მერიამ ცალკე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც უკონკურენტოდ გაიმარჯვა კომპანია ვტოგზა ლენტეხი 99-მა, რომელთანაც თავდაპირველად დადებული ხელშეკრულება შემდგომში 286,226 ლარით გაიზარდა და ჯამში 4,529,600 ლარი შეადგინა. ხოლო სამუშაოების დასრულების ვადამ 15 დღით გადაიწია. საბოლოოდ ხიდის რეკონსტრუქციისთვის ამ კომპანიას უკვე ჩაერიცხა 4,079,168 ლარი.
თანხების გაზრდისა და ვადების გადაწევის პარალელურად, ცალკე პრობლემას შეიძლება წარმოადგენდეს კომპანიების არაკეთილსინდისიერება, ვადების დარღვევა და სამუშაოების უხარისხოდ შესრულება, რადგან როგორც აღმოჩნდა, წერეთლის მონაკვეთზე მომუშავე ერთ-ერთ კომპანიას წარსულში ამგვარი შემთხვევაც უფიქსირდება.
წყარო:
-
ტენდერი 1 - NAT230001040
-
ტენდერი 2 - NAT230001041
-
ტენდერი 3 - NAT230001042
-
ტენდერი 4 - NAT230002808