2023 წლის 8 თვეში რუსეთში ღვინის ექსპორტი $112 მილიონს აღემატება

  • 2023 წლის 8 თვეში საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტმა 112,112,000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 21.7 მილიონით აღემატება. 
  • რუსეთის სანქცირების ფონზე ვაჭრობისა და ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საზიანოა ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის. 
  • ღვინის ყველაზე დიდი ექსპორტიორი 10 კომპანიიდან 8 ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულია.

 

2023 წლის 19 სექტემბერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საგარეო ვაჭრობის შესახებ 2023 წლის იანვარი-აგვისტოს მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

მონაცემების თანახმად 2023 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ექსპორტმა 4 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო იმპორტმა 9.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 4 წლის (2020-2023) სტატისტიკა აჩვენებს, რომ იმპორტი და ექსპორტი ყოველწლიურად მუდმივად იზრდება. თუმცა არსებითად არ იცვლება  ყველაზე დიდი იმპორტიორი და ექსპორტიორი ქვეყნების სია და წლებია ამ სიის მოწინავე ადგილს მათ შორის რუსეთი იკავებს. 2023 წლის მონაცემები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოდან წლიდან-წლამდე სულ უფრო მეტი პროდუქტი, განსაკუთრებით კი ალკოჰოლური სასმელი გადის რუსეთში ექსპორტზე და რუსეთს მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგადაც მდგომარეობა არ შეცვლილა, პირიქით ექსპორტი კიდევ უფრო გაიზარდა. 

გასული წლების ტენდენციებზე და რუსეთში ღვინის ექსპორტიორი კომპანიების ხელისუფლებასთან კავშირებზე ფლანგვის დეტექტორი ადრეც წერდა. ამჯერად, გვსურს 2023 წლის უახლოესი სტატისტიკა გაგაცნოთ. 

2023 წლის იანვარი-აგვისტოს თვეების მონაცემებით რუსეთში ექსპორტმა 461,385,700 აშშ დოლარი შეადგინა, ამ მაჩვენებლით რუსეთის წილი ექსპორტში 11.4% შეადგენს და ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. რუსეთშში ექსპორტის მონაცემები გაზრდილია წინა წელთან შედარებით, გასული პერიოდის მაჩვენებელი 400,009,500 აშშ დოლარს შეადგენდა.

მოწინავე ადგილებს იკავებს რუსეთი იმპორტის კატეგორიაშიც. 2023 წელს 8 თვის განმავლობაში რუსეთიდან განხორციელებულმა იმპორტმა  1,225,512,100 აშშ დოლარი შეადგინა და რუსეთის წილი იმპორტში 12.3 პროცენტია. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება და მეორე ადგილს იკავებს. გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით თანხობრივად გაზრდილია იმპორტის მაჩვენებლებიც, კერძოდ წინა წლის მაჩვენებელმა 1, 068,752,400 აშშ დოლარი შეადგინა. 

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ქვეყნის უსაფრთხოებისა და ინტერესებისთვის  საფრთხეს წარმოადგენს. თუმცა სტატისტიკა ცხადყოფს, რომ რუსეთში ექსპორტი იზრდება და ეს ტენდენცია რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ნარჩუნდება, იმ პირობებში, როდესაც დემოკრატიული სამყარო აქტიურად ცდილობს რუსეთში ექსპორტის შემცირებას და რუსეთის მიმართ სანქციებს აწესებენ. 

ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში ექსპორტზე საქართველოს ღვინო გააქვს. 2023 წლის იანვარი-აგვისტოს თვის განმავლობაში 41,357 ტონა, ჯამში 112,112,000 აშშ დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში, რაც 21,745 მილიონით აშშ დოლარით აღემატება გასული წლის მონაცემებს. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთში ღვინის ყველაზე დიდი ექსპორტიორი 10-დან 8 კომპანია ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულია. მათი მესაკუთრეები ან დირექტორები მმართველი პარტიის შემწირველები ან უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის დაახლოებული პირები არიან. კომპანიების მესაკუთრეებში ხშირად გვხვდებიან რუსეთ-საქართველოს, ან რუსეთის მოქალაქეები. იხილეთ ფლანგვის დეტექტორის კვლევა.