ქართული ღვინო რუსული ბაზრისთვის

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ რუსეთში ალკოჰოლის ექსპორტი 120 პროცენტზე მეტით გაზარდა. რუსეთში ღვინის ექსპორტიორი 10 უმსხვილესი კომპანიიდან 8 ქართულ ოცნებასთან არის დაკავშირებული. 

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დასავლეთის მოკავშირეებმა არამხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი შემოიღეს – როგორც კოლექტიურად, ასევე ცალმხრივად.

რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ფინანსურ, ენერგეტიკულ  და სატრანსპორტო სექტორს, ექსპორტსა და იმპორტს, სავიზო პოლიტიკას ეხება. გარდა თავად სახელმწიფოს მიმართ დაწესებული სანქციებისა, სანქციები დაუწესდათ ჩინოვნიკებს, ოლიგარქებსა და პუტინთან დაახლოებულ პირებს.

ქართული ოცნების პოლიტიკა სანქციების დაწესების თაობაზე ომის დაწყების მეორე დღიდანვე ცხადი გახდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ "ქართული ოცნების" ლიდერებმა არა ერთხელ გაიმეორეს, რომ საქართველო არ შეუერთდებოდა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად დაწესებულ სანქციებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ომის დაწყებიდან მე-2 დღესვე, 25 თებერვალს განაცხადა: „მინდა მკაფიოდ განვაცხადო და ერთმნიშვნელოვნად, რომ საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს, გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას“.

მაშინ როდესაც ევროკავშირის საჰაერო სივრცე რუსეთის საკუთრებაში არსებული ყველა თვითმფრინავისთვის და პორტები რუსულ გემებისთვის დახურულია, საქართველო რუსეთთან პირდაპირ ფრენებს იწყებს, პორტში რუსული გემები შემოდიან  და გარკვეულ კატეგორიებში სავაჭრო ბრუნვა იზრდება. 

ჯერ კიდევ 2022 წლის 20 მაისს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრი ერმაკმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, „უსამართლოა, როდესაც ვიღაცები სანქციებს თავს არიდებენ და ფულს აკეთებენ. სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ამაში ჩართულია ზოგი აზიური ქვეყანა. ძალიან სამწუხარო იყო ამ სიაში მეგობარი ქვეყნების ნახვა, ისეთი, როგორიცაა საქართველო, რომელიც ამ, ერთგვარ შავ სიაშია“. 

რუსეთ უკრაინის ომის დროს გაზრდილი ექსპორტი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა POLITICO-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიწოდების ახალი ჯაჭვები - რომლებიც რუსებს ალკოჰოლით, ფუფუნების საქონლითა და სხვა დასავლური პროდუქტებით კარგ მარაგს უნარჩუნებს - ძირს უთხრის ევროპის მცდელობებს მოსკოვის დასასჯელად და უნდა დაიბლოკოს.

ამ ჯაჭვის ერთ-ერთი ასეთ რგოლი საქართველოა, რომელიც იმ ქვეყნების სიაში ვინც რუსეთს სწორედ იმ პროდუქციას აწვდის რომლის გაყიდვაც სხვა ქვეყნებმა შეაჩერეს. POLITOCO-ს სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, საქართველომ რუსეთთან ვაჭრობის მოცულობა თითქმის 22 პროცენტით, ხოლო ალკოჰოლის ექსპორტი 120 პროცენტზე მეტით  გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ექსპორტი რუსეთში ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა. უფრო მეტიც 2006-2013 წლებში საქართველომ ბუნებრივად შეამცირა რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ხარისხი, მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ემბარგო დაუწესა. 2006 წელს რუსეთის წილი ექსპორტში მხოლოდ 18% იყო (154 მლნ დოლარი). ამის შემდეგ რუსეთში ექსპორტი ფაქტობრივად შეწყდა, 2008-2012 წლებში მისი წილი 2%-მდე შემცირდა (საშუალოდ 34 მლნ დოლარი). ემბარგოს დაწესებას ბაზრის დივერსიფიკაცია მოყვა, საქართველომ უფრო აქტიურად დაიწყო ევროპულ ბაზარზე მუშაობა.

თუმცა ვითარება შეიცვალა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ახლად არჩეულმა “ქართული ოცნებამ” რუსეთთან “ურთიერთობის აღდგენა” დაიწყო, რასაც 2013 წელს რუსეთისგან საქართველოზე დაწესებული ემბარგოს მოხსნა მოჰყვა. 2013-2014 წლებში, 2012 წელთან შედარებით, რუსეთში ექსპორტი 487%-ით გაიზარდა და 275 მლნ დოლარი შეადგინა. 2015-2016 წლებში ექსპორტი შემცირდა რუსეთში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის გამო, მაგრამ 2017 წლიდან ისევ სწრაფი ზრდა დაიწყო.

უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების ნაწილია. წარსულში რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა ეკონომიკური ბერკეტები საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის 2006 წელს ემბარგოს დაწესებაც ამის ნათელი მაგალითია. თუმცა მსგავსი გამოცდილების და ქვეყნის ინტერესების მიუხედავად, საქართველო არა მხოლოდ უარს ამბობს სანქციებთან მიერთებაზე, არამედ რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებასაც ზრდის. ამას საკუთარ ანგარიშში თავად ღვინის ეროვნული სააგენტოც მიუთითებს: “რეგიონში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, წლის პირველ ნახევარში ქართული ღვინის ექსპორტმა იკლო რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე, რაც ექსპორტის საბოლოო მაჩვენებელზე უარყოფითად აისახა. თუმცა, წლის მეორე ნახევრიდან მდგომარეობა დასტაბილურდა და გაგრძელდა ექსპორტის ზრდის ბოლო წლების ტენდენცია.”

ხოლო, 2013-2022 წლების ღვინის ექსპორტის სტატისტიკა ასე გამოიყურება:

წელი - ღვინის ექსპორტი - მათგან ღვინის ექსპორტი რუსეთში (მლნ აშშ დოლარი)

  • 2013 - 128 - 57 მლნ $

  • 2014 - 185 - 111 მლნ $

  • 2015 - 96 - 43 მლნ $

  • 2016 - 87 - 56 მლნ $

  • 2017 - 170 - 99 მლნ $

  • 2018 - 197 - 115 მლნ $

  • 2019 - 223 - 133 მლნ $

  • 2020 - 210 - 120 მლნ $

  • 2021- 250 - 131 მლნ $

  • 2022 - 253 - 161 მლნ $

 

ვის არ აწყობს სანქციებზე მიერთება?

საქართველოს მთავრობის პარალელურად სანქციებზე მიერთება არ აწყობთ იმ კომპანიებს, რომლებსაც ღვინო დიდწილად რუსეთში გააქვთ.   საინტერესოა, რომ ყველაზე დიდი ექსპორტიორი კომპანიების ნაწილი ისევ ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული. აღნიშნული კომპანიების მესაკუთრეები არა მხოლოდ მმართველი პარტიის აქტიური შემომწირველები არიან, არამედ ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვასთან არიან დაკავშირებული. 

BMG-მ საქსტატიდან იმ TOP-10 კომპანიის სია გამოითხოვა, რომელთაც 2022 წელს ექსპორტზე ყველაზე მეტი ღირებულების ღვინო გაიტანეს. სია ასე გამოიყურება: 

  1. შპს Bolero & Company

  2. შპს GVMT Group

  3. შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა

  4. შპს ქართული ღვინის სახლი.

  5. შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია

  6. სს ბადაგონი

  7. სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა

  8. შპს "წინანდლის ძველი მარანი"

  9. შპს ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი

  10. შპს ასკანელი ძმები

 

თითოეული ამ კომპანიის მიერ რუსეთთან ექსპორტით მიღებული შემოსავალი და მათი კავშირები ხელისუფლებასთან შემდეგნაირად გამოიყურება:

კახური ტრადიციული მეღვინეობა

ყველაზე დიდი ექსპორტიორების სიაში ვხვდებით შპს კახურ ტრადიციულ მეღვინეობას. როგორც თავად კომპანიის ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტიდან ირკვევა, ღვინის ექსპორტს ყველაზე დიდი რაოდენობით კომპანია სწორედ რუსეთში ახორციელებს. 2021 წელს კომპანიის სრულმა ამონაგებმა ექსპორტიდან 47,311,206 ლარი შეადგინა, მათგან რუსეთში ექსპორტის ამონაგები 22,992,700 ლარი იყო. 2022 წელს კი ამონაგები ექსპორტიდან 27,236,761 იყო. აქედან რუსეთიდან ამონაგებმა შეადგინა 16,149,091 ლარი. 

საჯარო რეესტრის  ამონაწერის თანახმად, კომპანიის 100% მესაკუთრე ზურაბ ჩხაიძეა. მან ქართულ ოცნებას 120,000 ლარი, ხოლო ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 60,000 ლარი შესწირა. ქართულს ოცნებას ჯამში 14,000 ლარი შესწირა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ორმა წევრმა თეა თებიძემ და კობა ხარხელმა. თუმცა შემოწირულობები აქ არ სრულდება. თავად კომპანიამ ქართულ ოცნებას ჯამში 240,000 ლარი შესწირა. შესაბამისად, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, კომპანიამ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა ქართულ ოცნებას საერთო ჯამში 374,000 ლარი შესწირეს. 

შეწირვების პარალელურად კახური ტრადიციული მეღვინეობა სახელმწიფოსგან აქტიურად იღებს სარგებელს. კომპანია ერთის მხრივ მონაწილეობას იღებს სახელმწიფო შესყიდვებში, ხოლო მეორეს მხრივ სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარიც არის. 

კომპანია პირველად გამარტივებულ შესყიდვებში 2012 წელს ჩნდება, და 2012 წლიდან მოყოლებული, სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოები უკონკურენტოდ, გამარტივებული შესყიდვის წესით უფორმებენ ხელშეკრულებებს. TI საქართველოს მონაცემებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში სესხის საპროცენტო განაკვეთების დასაფარად 2013-2021 წლებში სოფლის განვითარების სააგენტომ შპს კახურ ტრადიციულ მეღვინეობას 7,365,620 ლარი მისცა. კომპანია ასევე აქტიურად არის ჩართული რთველის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში, რომლის ერთ-ერთი ბენეფიციარია. კომპანია, რომელიც წლებია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონებს იღებს განვითარებისთვის, ევროპულ ბაზარზე გასვლის აქტიური მცდელობის ნაცვლად, რუსეთზე დამოკიდებულებას ზრდის. 

 

შპს Bolero & Company და შპს GVMT Group

რუსეთის ყველაზე დიდ ექსპორტიორებს შორის არის შპს Bolero & Company და შპს GVMT Group-ი, რომლებსაც კიდევ უფრო ახლო კავშირი აქვთ ქართულ ოცნებასთან, რადგან გარდა შემომწირველებისა, კომპანიის პრეზიდენტი, ვახტანგ კარიჭაშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს-პარტნიორია. კომპანია GWP WINES AND SPIRITS LIMITED ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის წილის ნახევარს ვახტანგ კარიჭაშვილთან ერთად უჩა მამაცაშვილი ფლობდა.

შპს Bolero & Company და შპს GVMT Group-ის 100%-იანი მესაკუთრე ვახტანგ კარიჭაშვილია, რომელსაც ამავდროულად რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. კომპანიის ამჟამინდელ დირექტორებს კი  ქართული ოცნებისთვის საერთო ჯამში 129,000 ლარი აქვთ შეწირული. 

შპს Bolero & Company-ის ფინანსურ ანგარიშგებაში მითითებულია, რომ კომპანიის შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი პროდუქციის რუსეთის ბაზარზე რეალიზაციით გენერირდება. მსგავსი ჩანაწერია GVMT Group-ის ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტშიც, სადაც მითითებულია, რომ კომპანიის პროდუქციის ძირითადი გასაღების ბაზარს რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს. 

რაც შეეხება თითოეული კომპანიის შემოსავლებს, ანგარიშის თანახმად შპს Bolero & Company-ის საერთო მოგებამ 2021 წელს 24,673,336 ლარი შეადგინა, ხოლო GVMT Group-ის საერთო მეგებამ 8,832,098 ლარი. 

 

შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია და სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა

ორივე კომპანია დაკავშირებულია ქართული ოცნების დეპუტატ ზაალ დუგლაძესთან. შპს დუგლაძეების ღვინის კომპანიის წილების 25.68%-ის მესაკუთრე თავად ზაალ დუგლაძეა, წილების 25.66% მესაკუთრეა დეპუტატის ძმა, დავით დუგლაძე, ხოლო კომპანიის წილების 25.66%-ს ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი ფლობს. 

2021 წელს კომპანიის საერთო მოგებამ 15,137,462 ლარი შეადგინა. მხოლოდ დავით დუგლაძემ ქართულ ოცნებას 152,000 ლარი შესწირა, 165,000 ლარი აქვს შეწირული ოცნებისათვის დეპუტატ ზაალ დუგლაძეს,  კომპანიის კიდევ ერთ მესაკუთრეს მალხაზ ყანჩელს 100,000 ლარი, ხოლო ბიძინა ივანიშვილის ძმას ოცნებისათვის ჯამში 215,768 ლარი აქვს შეწირული. საერთო ჯამში კომპანიის მესაკუთრეებს ქართული ოცნებისთვის შეწირული აქვთ 632,768 ლარი. კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც იღებს თანხებს, ის მონაწილეობს როგორც შესყიდვებში, ასევე სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაშიც. 

რაც შეეხება მეორე კომპანიას, სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანას, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ერთის მხრივ დეპუტატის ძმა და მეუღლე, დავით დუგლაძე და ეკატერინე დუგლაძე არიან, ხოლო მეორეს მხრივ ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი. ანგარიშგების დოკუმენტის თანახმად კომპანიის საერთო მოგებამ 2021 წელს 18,389,504 ლარი შეადგინა, ხოლო 2020 წელს 12,989,072 ლარი. 

შპს ასკანელი ძმები

შპს ასკანელი ძმები 1998 წელს დაფუძნდა. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო 4 წევრისგან შედგება. ერთ-ერთი წევრი,  ჯიმშერ ჩხეიძე ქართული ოცნების შემომწირველია, 2019 წელს მან ქართულ ოცნებას 10,000 ლარი შეწირა. ქართული ოცნების შემომწირველია კომპანიის დირექტორიც, ირაკლი უგლავა, რომელმაც ოცნებას ჯამში 35,000 ლარი შესწირა. რუსეთის მოქალაქეა სამეთვალყურეო საბჭოს 2 წევრი, მათგან  გოჩა ჩხაიძეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ხოლო მეორე წევრს ნატალია სტროგონოვას მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობა აქვს. 

რაც შეეხება კომპანიის მესაკუთრეებს, კომპანიის 55% გოჩა ჩხაიძე, რუსეთ-საქართველოს მოქალაქე ფლობს, ხოლო 45% მესაკუთრე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ასკანელი ვაინერი & დისტილერია. თავისმხრივ ამ კომპანიის 100% მესაკუთრე კი ისევ გოჩა ჩხაიძეა. 

კომპანიის საერთო მოგებამ 2021 წელს 29,396,881 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ექსპორტს, ანგარიშგების თანახმად, ექსპორტზე რეალიზაციის წილის ძირითადი ქვეყნების გადანაწილება შემდეგნაირად გამოიყურება: 76% რუსეთი, 7% უკრაინა. 

 

შპს ქართული ღვინის სახლი

კომპანია შპს ქართული ღვინის ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი ღვინის კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2000 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ანგარიშგების თანახმად, საწარმოს საქმიანობის ძირითად ნაწილს ექსპორტი წარმოადგენს. საექპორტო ქვეყნების სიაში რუსეთი პირველ ადგილს იკავებს.

ბოლო ამონაწერის თანახმად, კომპანიას 6 პარტნიორი ჰყავს, რომელთაგან ორი რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეები არიან. კომპანიის წილები შემდეგნაირადაა განაწილებული: 45% დიმიტრი ალექსანდროვი (ორმაგი მოქალაქე საქართველო-რუსეთის ფედერაცია); 12.5% ზაზა კიკაბიძე; 12.5% ნინო კიკაბიძე, 12.5% თათია კიკაბიძე, 12.5% ვასილ დვალი; 5% სერგეი სუმაროკოვი. 

კომპანიის მეწილეები ქართული ოცნების შემწირველები არიან. მხოლოდ  2020 წელს, კომპანიის სამმა პარტნიორმა ჯამში 116,000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას. სერგეი სუმარაკოვმა 50,000 ლარი, ზაზა კიკაბიძემ 60,000 ლარი, ხოლო ვასილ დვალმა 6,000 ლარი გაიღო ქართული ოცნების სასარგებლოდ.

 

შპს "წინანდლის ძველი მარანი"

კომპანია “წინანდლის ძველი მარანის” პირველი ამონაწერი საჯარო რეესტრში 2010 წლიდან ჩნდება. კომპანიის ვებ-გვერდის თანახმად წინანდლის ძველი მარანი მილდიანი ჯგუფის მფლობელებაშია, რომლის ისტორიაც ჯერ კიდევ 1991 წელს საოჯახო მეღვინეობით დაიწყო. 

რაც შეეხება კომპანიის ამჟამინდელ მფლობელებს, ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიის დირექტორის თანამდებობას შალვა ახობაძე იკავებს, ხოლო 100%-იან წილს ნანი მენაბდიშვილი ფლობს. ორივე აღნიშნული პირი მმართველი პარტიის შემომწირველები არიან. 2020-2021 წლებში ნანი მედაბდიშვილმა ჯამში 120,000 ლარი შესწირა, ხოლო  შალვა ახობაძემ, 2020 წელს, 10,000 ლარი. კომპანიის ფინანსური ანგარიშგებს თანახმად, 2021 წელს კომპანიის შემოსავალი ეკონომიკური საქამიანობიდან მნიშვნელოვნად გაიზრდა. 2020 წელს ეს რიცხვი 12,917,554-ს ხოლო 2021 წელს 17,338,841-ს შეადგენდა.  2021 წელს კომპანიამ 5, 252,604 ლარის მოგება მიიღო. კომპანია პროდუქციას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე ექსპორტით რუსეთში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში ყიდის.

 

დასკვნა

რუსეთში ღვინის ყველაზე დიდი ექსპორტიორი 10-დან 8 კომპანია ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულია. მათი მესაკუთრეები ან დირექტორები მმართველი პარტიის შემწირველები ან უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის დაახლოებული პირები არიან. კომპანიების მესაკუთრეებში ხშირად გვხვდებიან რუსეთ-საქართველოს, ან რუსეთის მოქალაქეები. 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კომპანიების ნაწილი სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამებიდან, მათ შორის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამიდან იღებს სარგებელს. მიუხედავად სახელმწიფოს მიერ მათ დასახმარებლად გაღებული თანხებისა და წლების განმავლობაში მილიონი ლარით მიღებული მოგებისა, მთავარი გასაღების ბაზარი კვლავაც რუსეთია. 

საქართველო არათუ არ უერთდება თავისუფალი სამყაროს მიერ რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებს, არამედ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებას ზრდის.