საახალწლო განათებები თბილისში 6-ჯერ ძვირი ჯდება, ვიდრე ჰელსინკში

თბილისის მერია ახალი წლის დღესასწაულის აღსანიშნავად ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავს. გამონაკლისი, არც 2022 წელია. 

მიმდინარე წლის სექტემბერსა და ოქტომბერში, შპს "თბილსერვის ჯგუფმა", ჯამში 6 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომელთა ჯამური ღირებულება - 2,279,650 ლარია. 

აღსანიშნავია, რომ ექვსი ელ.ტენდერიდან, ოთხის გამარჯვებული შპს "ღამის შოუს სტუდია" გახდა, მათთან ხელშეკურლებაუკონკურენტო გარემოში გაფორმდა. 

ხოლო დანარჩენ ორ ტენდერში, გამარჯვებული შპს "დანდია", რომელთანაც ერთ შემთხვევაში, ხელშეკრულება უკონკურენტოდ, ხოლო მეორე შემთხვევაში კონკურენტის დისკვალიფიკაციის ფონზედ გაფორმდა. 

აქვე ხაზგასასმელია, რომ კონკურენტ კომპანიას, უფრო ნაკლები თანხა ჰქონდა შეთავაზებული.

შპს "დანდისთან" დადებული ორივე ხელშეკრულების ღირებულება 1,203,350 ლარს შეადგენს. ორივე სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიას შპს "თბილსერვის ჯგუფისთვის" 25,000 ცალი 10 მეტრის სიგრძის LED მანათობელი თოკი, 100 ცალი 10 მეტრიანი მანათობელი სტრინგი, 500 ცალი მანათობელი ფარდა და 50 ცალი მანათობელი ბადე უნდა მიეწოდებინა. "თბილსერვის ჯგუფმა" შპს "დანდის" ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა უკვე გადაუხადა. 

რაც შეეხება შპს "ღამის შოუს სტუდიას", მათ მერიისთვის ჯგუფისთვის 44 ცალი გული, 60 ცალი მეტეორი, 34 ცალი ოვალი, 16 ცალი წრე, 160 სტრინგ განათება, 82 ცალი ფოიერვერკის ფორმის მანათობელი კონსტრუქცია და 176 ცალი მრგვალი ბრტყელი სანათი უნდა მიეწოდებინა. 

თბილისში საახალწლო დეკორაციები და ნაძვის ხე 2022 წლის 9 დეკემბერს აინთო. 

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ამ ხარჯების გარდა,  თბილისის მერიამ 2023 წლის შობა-ახალი წლის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებებისთვის 5 მლნ ლარი უკვე გადაიხადა. 

მერიამ კონცერტების გამარტივებული შესყიდვების გზა აირჩია, ამის მიზეზად კი ღონისძიების შეზღუდულ ვადებში, შეუფერხებლად ჩატარება დაასახელა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი, მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად აღინიშნება და თბილისის მერიას, ალბათ შეეძლო, ადრეულ ეტაპზევე დაეწყო დღესასწაულისთვის მზადება. 

უფრო მეტი ამ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ ჩვენს კვლევაში იხილოთ. 

"ფლანგვის დეტექტორი" დაინტერესდა, რა თანას ხარჯავენ ყოველწლიურად, სხვა ქვეყნის დედაქალაქები საახალწლო განათებებსა და ილუმინაციებში. ამ მიზნით, ჰელსინკის მერიას მივწერეთ და მათ მიერ დაბრუნებული პასუხიდან ირკვევა, რომ 2022 წლის საშობაო ნაძვის ხისა და დეკორაციებისთვის ჯამში 130,000 ევრო დაიხარჯა.

ჰელსინკის მაგალითი საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ თბილისისა და ჰელსინკის მოსახლეობა საკმაოდ ახლოს არის ერთმანეთთან. 2022 წლის მონაცემებით, ჰელსინკის მოსახლეობა 1,327,762 ადამიანს შეადგენს, ხოლო თბილისში 2022 წელს - 1,080,349 ადამიანი ფიქსირდება. 

მიღებულ ინფორმაციაში აღნიშნულია ის გარემოებაც, რომ 2021 წელს, ჰელსინკიში, საშობაოდ, დაახლოებით იგივე თანხა დაიხარჯა, რაც წელს. გარდა ამისა, მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში წერია, რომ  ახალი საშობაო დეკორაციებსა და ნაძვის ხის შეძენა ყოველწლიურად არ ხდება. საჭიროების შემთხვევაში, ფული დაზიანებული დეკორაციის აღდგენაზე იხარჯება. 

საინტერესოა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყნის დედაქალაქის მერია საშობაო განათებებსა და ილუმინაციებზე მხოლოდ 130,000 ევროს ხარჯავს, მაშინ, როდესაც თბილისში ახალი წლის აღნიშვნა მილიონობით ლართან არის დაკავშირებული. 

შეგახსენეთ, რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, ფინეთის მოქალაქე დაახლოებით 10-ჯერ უფრო მდიდარია, ვიდრე საქართველოს მოქალაქე. 

 

წყაროები:

1. NAT220021003- შპს ღამის შოუს სტუდია

2. NAT220021006- შპს ღამის შოუს სტუდია

3. NAT220021009- შპს ღამის შოუს სტუდია

4. NAT220021012- შპს ღამის შოუს სტუდია

5. NAT220014952- შპს დანდი

6. NAT220018728- შპს დანდი

7. https://bit.ly/3hKXIGR - ფლანგვის დეტექტორის კვლევა

8. https://worldpopulationreview.com/world-cities/helsinki-population - ჰელსინკის მოსახლეობა, 2022

9. https://worldpopulationreview.com/world-cities/tbilisi-population - თბილისის მოსახლეობა, 2022

10. https://www.scribd.com/document/615471149/Helsinki-public-information -ჰელსინკის პასუხი