ავტორები: ლიზა ქორიძე და ანა აბაშიძე
ფლანგვის დეტექტორმა სტატიის მოსამზადებლად სუს-დან გაჟონილი სავარაუდო ფაილებითა და სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით იხელმძღვანელა. ვინაიდან, სუს-ის სავარაუდო ფაილების ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის, მიღებული ინფორმაციის გადამოწმება უშუალოდ სასულიერო პირებთან და სტატიაში მოხსენიებულ სხვა პირებთან პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაციის გზით ვცადეთ, თუმცა ძირითად შემთხვევაში მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. სტატიაში ასევე გამოყენებულია სასულიერო პირების საჯარო გამოსვლები და განცხადებები, რომლებიც ხაზს უსვამს მათ შეხედულებებს სხვადასხვა საკამათო საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთთან დაკავშირებითაც.
__________
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ და საქართველოს საპატრიარქოს არასათანადო გამოხმაურებამ კვლავ განაახლა დისკუსია ქართული ეკლესიის ლოიალურობაზე რუსეთის მიმართ. ეს დისკუსია ხელახალ აქტუალობას სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სასულიერო პირის პრორუსული ქადაგებების გასაჯაროებასთან ერთად იძენს. საქართველოს საპატრიარქო ასეთ ფაქტებზე არ რეაგირებს და ეკლესიაში რუსული გზავნილების ზრდასთან ერთად, იზრდება ამაზე პასუხისმგებელი სასულიერო პირების ძალაუფლებაც. რუსული ეკლესიის, პოლიტიკისა და ბიზნესის შესაძლო კვალი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლეს სასულიერო პირთა კრებას, წმინდა სინოდსაც ამჩნევია. წმინდა სინოდში შედის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და ეპარქიების 41 მმართველი მაღალიერარქი, რომელთა ნაწილის დოსიესაც წარმოგიდგეთ.
პატრიარქის მოსაყდრე შიო: სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი და საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირი 2001 წლის ოქტომბრიდან მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. იგი მოსკოვის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში სწავლობდა. შიო მუჯირის ანტიდასავლური განცხადებების გარდა, ინტერესს იმსახურებს კიდევ ერთი გარემოება, რაზეც საუბარია სუს-ის ფაილებშიც: სოციალურ ქსელში პუტინის მისამართით კრიტიკული პოსტის დაწერის გამო, მან სტიქაროსანს სტიქარი გახადა.
მოსაყდრე შიო დაკავშირებულია პრორუსულობითა და ძალადობრივი მოწოდებებით გამორჩეულ პოლიტიკოსსა და ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან. სუს-ის სავარაუდო ფაილების მიხედვით, რომელმაც 2021 წლის 13 სექტემბერს გაჟონა, გამოძიება დღემდე მიმდინარეობს და მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის, 2019 წლის ოქტომბერში მოსაყდრე შიო და ლევან ვასაძე ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ, მანამდე კი ბიზნესმენმა TBC ბანკიდან 125,000 დოლარი და 15,000 ლარი გამოიტანა.
“ამ მომენტისთვის, ბიზნესმენი ლევან ვასაძე საპატრიარქოში შეხვედრას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირთან. აღსანიშნავია, რომ შეხვედრამდე ლ. ვასაძე დაუკავშირდა შ. მუჯირს და განუცხადა რომ სურს გადასცეს “რაღაც”. საუბრის მომენტში ბიზნესმენი იმყოფებოდა “თიბისი” ბანკში (დასტურდება ანძების მიხედვითაც) და პარალელურად მიუვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება ხსენებული ბანკიდან 15,000 ლარის და 125,000 აშშ დოლარის განაღდების შესახებ”. – წერია სუს-ის სავარაუდო ფაილებში.
მიტროპოლიტი ნიკოლოზი: სუს-იდან გაჟონილი სავარაუდო ფაილების მიხედვით, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი რუსეთის მოქალაქეს თანხის სანაცვლოდ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.
“ყურადღებას იქცევს ნ. ფაჩუაშვილის (მიტროპოლიტი ნიკოლოზი) მეგობარი, რუსეთის მოქალაქე, ლოლიტა ვლადიმერის ასული დანილინა. მათი შეხვედრები ხორციელდება როგორც ფაჩუაშვილის ვიზიტისას მოსკოვში, ასევე საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ფაჩუაშვილი ხ. გოგორიშვილისგან და ხ. ოჩიაურისგან, ასევე, მ.მაჭავარიანისგან მიღებულ ინფორმაციებს დაუყოვნებლივ აწვდიდა დანილინას. არაერთგზის დაფიქსირდა დანილინას საეჭვო ინტერესები საქართველოში არსებული პოლიტიკური და სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ.
კერძოდ, ფაჩუაშვილმა 2013 წლის აგვისტოს თვეში ინტერნეტის საშუალებით დანილინას გადაუგზავნა ინფორმაცია თბილისში, კახეთის გზატკეცილი N16-ში მდებარე რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის შესახებ, სადაც 2013 წელს შემოწმების მიზნით იმყოფებოდა რუსული დელეგაცია გენადი ონიშენკოს წარმომადგენლების თანხლებით. მიტროპოლიტი დანილინას უგროვებდა ინფორმაციებს და ინტერნეტ პროგრამა სკაიპის მეშვეობით აწვდიდა მას", – წერია სავარაუდოდ სუს-ის მიერ ფარული მიყურადების შედეგად შექმნილ ფაილებში.
ჩვენ დავუკავშირდით მიტროპოლიტ ნიკოლოზს, რათა გადაგვემოწმებინა სავარაუდოდ, სუს-ის ფაილებში გაჟღერებული ინფორმაცია, რაზეც მან გვიპასუხა, რომ სუს-ის ფაილებიდან მიღებულ ინფორმაციას არც დაადასტურებს და არც უარყოფს.
“არავითარ კომენტარს არ გავაკეთებ. ერთადერთი კომენტარი გავაკეთე ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არის შხამი, სრულიად უკანონოდ, სრულებით დაუსაბუთებლად არის შემოსხმული, რომ ხალხი მოწამლოს და ერთადერთი ანტი-შხამი არის, რომ სრული იგნორირება გავუკეთოთ ამ ჩანაწერს. არათუ არ ვადასტურებ, ეს არის უკანონობა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ დასჯილი. 4 ტიპის დანაშაული იკვეთება ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით და ოთხივე უნდა იყოს გამოკვლეული. პასუხი ჩემი ასეთია სუს-ის ფაილებიდან მიღებულ არავითარ ინფორმაციას არც დავადასტურებ და არც უარვყოფ”, – გვიპასუხა მან.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2021 წლის სექტემბერში, მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა გამოცემა ტაბულასთან საუბრისას დაადასტურა, რომ სავარაუდოდ, სუს-ის ფაილებში ნახსენებ რუსეთის მოქალაქე დანილინას იცნობს, თუმცა არ ახსოვს რას ლაპარაკობს “მეგობართან”.
რიჩარდ ლუგარის ლაბორატორია ხშირად ხდება რუსული პროპაგანდის სამიზნე და როგორც წესი, რუსული მხარე იძახის, რომ ლაბორატორიაში გამანადგურებელ იარაღებზე მუშაობენ. უკანასკნელად მსგავსი ბრალდება კრემლის პროპაგანდისტმა, მარია ზახაროვამ გააჟღერა, როდესაც თქვა, რომ ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის საჭირო კომპონენტებზე მიმდინარეობს მუშაობა.
მიტროპოლიტი სერაფიმე: სინოდის კიდევ ერთი წევრი და ტიტულარული მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა, სუს-ის ხსენებული სავარაუდო ფაილების მიხედვით თვლის, რომ რუსულ ეკლესიაში მეტი სულიერებაა, ვიდრე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში.
“ოჯახის წევრები ცხოვრობენ აფხაზეთში, გამოკვეთილად ახლო ურთიერთობა აქვს რუსეთის საპატრიარქოსთან, მათი ხელშეწყობით რუსეთის ტერიტორიაზე აკურთხა რამდენიმე ეკლესია, თვლის, რომ რუსულ ეკლესიაში მეტი სულიერებაა”. – ვკითხულობთ ფაილებში.
სერაფიმე ჯოჯუასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება, რომელმაც საზოგადოების ყურადღება დაიმსახურა. 2017 წელს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი სერაფიმე არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის მცდელობაში დაადანაშაულეს. ამის შემდეგ სერაფიმე ჯოჯუამ ეპარქია დატოვა. სერაფიმე ჯოჯუა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში 21 წლის განმავლობაში მსახურობდა, საპატრიარქომ სერაფიმეს ეპარქიიდან წასვლის ფაქტზე მხოლოდ ის განაცხადა, რომ ეს მიტროპოლიტის პირადი თხოვნა იყო. მნიშვნელოვანი ბრალდების მიუხედავად, სერაფიმე ჯოჯუას მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მღვდელმოქმედება იმავე წელს აღუდგინა.
მიტროპოლიტი იოანე: პრორუსულ განწყობებს არ მალავს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, რომელიც თავის წერილებში ცდილობს, ევროპა – ბოროტებად, ხოლო რუსეთი – სიკეთედ წარმოაჩინოს.
2014 წელს, გაზეთ “სამ საუნჯეში” მას დაწერილი აქვს სტატია “საქართველოს გზა”, სადაც აღნიშნავს, რომ რუსეთთან თანაცხოვრების პერიოდი საქართველოსთვის დადებითი იყო.
“ჩვენ გვაშინებენ ჩრდილოელი მეზობლით – რუსეთით და გვიკიჟინებენ, რომ “რუსეთი ამას და ამას გიზამთ თქვენ”... ქვეყანა, რომელსაც წარსულში ბევრი ბოროტება დაატეხა თავს ჩვენს ქვეყანას, მომავალში კიდევ უფრო მეტად გაგვამწარებს, რუსეთს ეს და ეს გაუკეთებია ჩვენთვისო. რუსეთს საქართველოსთან სულ ცოტა ორსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორია აქვს. მანამდე ეს ურთიერთობები ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა.
ამ ურთიერთობის მთავარი სიკეთე იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველოს ეძლეოდა საშუალება არსებობის იმ გზით გაგრძელებისა, რომელიც 15 საუკუნის წინ აირჩია, რაც ძალიან კარგად იცოდა ერეკლე მეორემ. თუ მის მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯის შედეგს ფართო მასშტაბით, ობიექტურად გავაანალიზებთ, ისტორიული პროცესი დაგვიდასტურებს, რომ რუსეთთან თანაცხოვრების პერიოდი, საქართველოსთვის დადებითი იყო, თუმცა დღეს ბევრი საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს”, – წერს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი.
მიუხედავად, მიტროპოლიტი იოანეს მკვეთრი პრორუსული განწყობებისა, 2019 წელს იგი საქართველოს მნიშვნელოვან – ქუთაისისა და გაენათის ეპარქიაში დანიშნეს, რომელიც სიდიდით მეორე ეპარქიაა.
მთავარეპისკოპოსი სპირიდონი: მსგავსად მიტროპოლიტ იოანესი, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონიც. მისი თქმით, ის პოლიტიკა, რომელსაც პუტინი საქართველოსთან მიმართებით ატარებს, უფლისგან არის ნაკარნახევი. მას ასევე მიაჩნია, რომ პუტინის განცხადებები “ჩვენი ცოდვების შედეგია”. მიტროპოლიტი სპირიდონი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს იმასაც, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ხოლო რუსეთი ღვთისმშობლის სახლი და “ჩვენ ერთმანეთს უნდა მივეხმაროთ”.
რუსეთ-უკრაინის ომში სხალთელი მთავარეპისკოპოსი რუსეთის მხარეს დგას და ამბობს, რომ “უკრაინა, რუსეთი და ბელარუსი გაერთიანდება და შედგება დიდი, წმინდა რუსეთი”, ის ასევე აკრიტიკებს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და იმეორებს რუსული პროპაგანდის ნარატივს, რომ ზელენსკი “გეი აქტივისტია” და როდესაც მას “სიწმინდეში აირჩევ – დაისჯები”. ამ სასულიერო პირს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ორი სასწავლებელი ჩააბარა – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრი.
მიტროპოლიტი გრიგოლი: ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლის რუსულ კავშირებზე აგრეთვე მიუთითებენ სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული მიყურადებით შექმნილ ფაილებში. ამ სავარაუდო დოკუმენტების მიხედვით, მიტროპოლიტი გრიგოლი რუსეთსა და უკრაინაში ცხოვრობდა, სადაც კრიმინალურ საქმიანობას ეწეოდა. კერძოდ, სავარაუდოდ სუს-დან გამოჟონილ ამ ფაილებში წერია, რომ იგი ნასამართლევია თაღლითობისთვის, ქურდობისა და დოკუმენტების გაყალბებისთვის, რის გამოც სასჯელს მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიასთან ერთად რუსეთში იხდიდა. სუს-ის სავარაუდო ფაილებში წერია, რომ ანტონ ბულუხია ღიად არ უჭერს მხარს რუსულ პოლიტიკას, მაგრამ შესაძლებელია ფარული ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთის სპეცსამსახურთან. ამავე ფაილების მიხედვით, მიტროპოლიტ გრიგოლს ახლო ურთიერთობა აქვს გიორგი შამილოვთან, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს ეპისკოპოსია.
მიტროპოლიტი გერასიმე: დაინტერესებას იწვევს სინოდის კიდევ ერთი წევრი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე. იგი 2014 წლის 18 ივლისს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებულების მიერ მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებიდან მეორე დღეს, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრას, რომელიც კრემლში გაიმართა, ვლადიმირ პუტინი და რუსეთის პატრიარქი კირილი უძღვებოდნენ, ხოლო სტუმრად სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულები. მათ შორის იყო მიტროპოლიტი გერასიმეც.
სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ამავე ფაილში, რომლებიც სავარაუდოდ ფარული მიყურადების შედეგად შეიქმნა, აგრეთვე საუბარია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის, გერასიმეს კავშირებზე რუსეთთან. ფაილების მიხედვით, მიტროპოლიტი გერასიმე 1992-1997 წლებში მოსკოვში ცხოვრობდა და კომერციულ საქმიანობასაც ეწეოდა. ამ პერიოდში იგი მუშაობდა ორგანიზაციაში “ჯულო” დირექტორის მოადგილის პოზიციაზე და ამასთანავე, იგი მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სტიქაროსნად მსახურობდა. ამავე ფაილების მიხედვით, მას კავშირი აქვს რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენთან – მიხეილ ხუბუტიასთან, რომელიც მიტროპოლიტ გერასიმეს ფინანსურადაც ეხმარება. სუსის სავარაუდო ფაილების მიხედვით, მიტროპოლიტი გერასიმე ხშირად მართავს შეხვედრებს რუსული ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირებთან, მათ შორის საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელთან – ილარიონ ალფეევთან.
ფლანგვის დეტექტორმა სცადა დაჰკავშირებოდა სტატიასა და სავარაუდოდ, სუს-ის ფაილებში ნახსენებ პირებს – ლევან ვასაძეს, მიტროპოლიტ გრიგოლს, მიტროპოლიტ გერასიმეს, მთავარეპისკოპოს სპირიდონს, მიტროპოლიტ იოანეს, მიტროპოლიტ სერაფიმესა და მიტროპოლიტ შიოს, თუმცა მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. ამასთან ერთად, ჩვენ მათ გავუგზავნეთ ტექსტური შეტყობინებები, სადაც შევატყობინეთ, რომ სინოდის წევრებსა და მათთან დაკავშირებულ პირებზე, სავარაუდოდ სუს-დან გამოჟონილ ფაილებში ასახულ გარემოებებზე ვამზადებთ სტატიას და სურვილის შემთხვევაში დავურთავთ მათ კომენტარსაც.
შეტყობინებაზე ლევან ვასაძემ გვიპასუხა, რომ კომენტარს მოგვცემდა, თუ ჩვენი შეკითხვა “კორექტული და ადეკვატური იქნებოდა”, რის შემდეგაც ჩვენ მას შემდეგი შემდეგი გავუგზავნეთ: ”2021 წელს გავრცელებულ სავარაუდოდ, სუს-ის ფაილებში თქვენ ნახსენები ხართ, რომ 2019 წლის ოქტომბერში შეხვდით მიტროპოლიტ შიოს "რაღაცის მისაცემად", მანამდე კი თბს ბანკიდან გამოიტანეთ 125 000 დოლარი და 15 000 ლარი – ასევე სავარაუდოდ, სუს-ის ფაილებზე დაყრდნობით. ადასტურებთ, თუ არა მსგავს ფაქტს და ზოგადად, გაქვთ თუ არა რაიმე საქმიანი ურთიერთობა პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან?” -
ლევან ვასაძემ გზავნილი უპასუხოდ დატოვა.
ორი პატრიარქის ამბავი
რუსეთის ეკლესიისადმი დაქვემდებარებულობის ეჭვებს ამძაფრებს საქართველოს პატრიარქის განსაკუთრებული დამოკიდებულება რუსი კოლეგისადმი, პატრიარქი კირილისადმი და ფაქტი, რომ საპატრიარქოს დღემდე არ გამოუხატავს მხარდაჭერა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიმართ.
პატრიარქი ილია მეორე რუსეთ-უკრაინის ომს 24 თებერვალს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საჭიროა, უკრაინაში საომარი მდგომარეობა მალე შეწყდეს. მაგრამ ამ განცხადებაში ილია მეორეს არ უხსენებია აგრესორი ქვეყანა – რუსეთი. 24 თებერვლის შემდეგ, საქართველოს პატრიარქმა ომთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე განცხადება გააკეთა. 6 მარტს იგი წერდა, რომ “ომი ზოგიერთ ქვეყანაში” მიმდინარეობს და რუსეთი მხოლოდ ომის 21-ე დღეს გავრცელებულ განცხადებაში ახსენა.
რუსეთის პატრიარქმა კირილმა თავისი პირველი განცხადება 2022 წლის 9 მარტს გაავრცელა. განცხადებაში იგი ამბობდა, რომ რუსეთი და უკრაინა პრაქტიკულად ერთი ერია და ისინი ერთმორწმუნეები არიან. უკრაინაში ომის დაწყებას ბრალეულობა მან სხვა, “მესამე მხარეებს” დააკისრა, რომელთაც “რუსეთის გაძლიერება არ მოსწონდათ”. პატრიარქი კირილი ომს აპრილში ისევ გამოეხმაურა და რუსეთის სამხედრო დანაშაულების მიმართ კვლავ ინდიფერენტულობა გამოავლინა. ამ განცხადებაში მან რუსეთს მშვიდობის მოყვარე ქვეყანა უწოდა, ომს კი თავდაცვითი ბრძოლა. მისი თქმით, რუსებს ისე უყვართ სამშობლო, რომ მზად არიან დაიცვან ის როგორც “მხოლოდ რუსებს შეუძლიათ დაიცვან თავიანთი სამშობლო”. პატრიარქი კირილი თვლის, რომ რუსეთი “თვითკმარი” სახელმწიფოა და არ სურს მეზობელი ქვეყნების ოკუპაცია. სხვა განცხადებაში პატრიარქი კირილი რუსებს მოუწოდებს, გაერთიანდნენ სულიერად და მატერიალურად, რათა ვერავინ შეძლოს მათი ქვეყნის საზღვრების ხელყოფა, ხოლო ბრალდებაზე, რომ ის მილიტარისტულ განცხადებებს ავრცელებს, პასუხობს – “ეს ყველაფერი სისულელეა”.
რუსეთში სარწმუნოება და პოლიტიკა დიდი ხანია, ერთ ენაზე მეტყველებს. რელიგია კრემლის “რბილი ძალის” ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტია. რუსეთის პატრიარქი კირილი ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის გამზიარებელი და აქტიური მხარდამჭერია. პატრიარქი კირილი ეთანხმება პუტინის შეფასებას, რომ “საბჭოთა კავშირის დაშლა ტრაგედია იყო”. მისი თქმით, საბჭოთა კავშირი მრავალსაუკონოვან ხეს ჰგავს, რომელიც “მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ მისი ტანი დალპა და ფესვებს მოსწყდა”. პატრიარქი ამართლებდა რუსეთის მოქმედებებს სირიაშიც: “ის, რაც ხდება სირიაში, სამშობლოს დაცვაა. ეს ომი ატარებს თავდაცვით ხასიათს, ის სამართლიანია. ყველაფერი, რაც ხდება საპასუხო, თავდაცვითი მოქმედებებია. ჩვენ გაბედულად ვსაუბრობთ “სამართლიან ბრძოლაზე”, – ამბობდა ის. აღსანიშნავია, რომ სირიაში რუსეთი ეხმარებოდა სამთავრობო ძალებს, რომელმაც მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ რამდენჯერმე ქიმიური იარაღი გამოიყენა.
რუსეთის და საქართველოს პატრიარქებს ერთმანეთთან თბილი და მეგობრული დამოკიდებულება აქვთ. 2016 წელს ილია მეორე ესწრებოდა რუსეთის პატრიარქისადმი მიძღვნილ კონცერტს, რომელზეც ასევე იმყოფებოდნენ ვლადიმირ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკა. ამავე წელს, ილია მეორემ პატრიარქ კირილს უთხრა, რომ მათი ბიოგრაფიები ერთმანეთთან იკვეთება (საქართველოს პატრაირქმაც სასულიერო განათლება რუსეთის ფედერაციაში მიიღო). მისი სიტყვებით მათი ურთიერთობა “კეთილი, გულწრფელი, ნდობით სავსე და ღია იყო” მისი აზრით ამან განაპირობა “ჩვენს ეკლესიებს შორის კეთილი კავშირები”.
ჩანს, კარგი კავშირი არც უკრაინაში მიმდინარე ომს გაუცუდებია. 27 მაისს ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს ანგელოზის დღე მიულოცა და მას ჯანმრთელობა უსურვა. საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია არ შეუცვლია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე. უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია 2019 წლის 6 იანვარს გამოაცხადა. ამ აქტს მხარი დაუჭირეს კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, კვიპროსის და ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიებმა. 2021 წელს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის ეპიფანე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ უკრაინის ავტოკეფალიას არაღიარების მიზეზი რუსეთის გავლენებში უნდა ვეძებოთ.
თეოლოგ ბექა მინდიაშვილის შეფასება
თეოლოგი ბექა მინდიაშვილის შეფასებით, სინოდის წევრთა უმრავლესობა პრორუსული განწყობებისაა, ხოლო ისინი, ვინც იმავე განწყობებს არ იზიარებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ “ადგილები უკვე დაკავებულია”.
მინდიაშვილმა ფლანგვის დეტექტორთან ლაპარაკისას გამოყო სამი საკითხი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებულ რუსულ გავლენებზე და პრორუსულ განწყობებზე მიანიშნებს:
1. 1997 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდან და ევროპის ეკლესიათა კონფერეციიდან გამოსვლა
ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ფორუმები ქრისტიანულ სამყაროში გაეროსა და ევროკავშირის ექვივალენტია.
“რუსეთის ეკლესიამ დააყენა საკითხი იმის თაობაზე, რომ მართლმადიდებელ ეკლესიებს უნდა დაეტოვებინათ ეს ფორუმები, ოთხმა ეკლესიამ დააყენა ეს საკითხი – რუსეთმა, სერბეთმა, საქართველომ და ბულგარეთმა. რუსეთი და სერბეთი დარჩა, ბულგარეთმა და საქართველომ დატოვეს, შემდეგ ბულგარეთი დაბრუნდა და ერთადერთი ეკლესია დღეს, რომელიც სრულიად იზოლირებულია მთელი საქრისტიანოსგან, ოღონდ ამ შემთხვევაში იგულისმხება არა მართლმადიდებელი ეკლესიები, არამედ კათოლიკური, პროტესტანტული, დასავლური საეკლესიო სამყარო, ერთადერთი ასეთი ეკლესია არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. აბსოლუტურად იზოლირებულია დანარჩენი სამყაროსგან, ამ თვალსაზრისით. ეს არ არის საკმარისი მაგალითი, რა როლს თამაშობდა რუსეთი ამ კუთხით, იმიტომ, რომ ფაქტობრივად ამის შემდეგ ეკლესია მოწყდა ყველანაირ შესაძლებლობას, რომ საერთაშორისო ასპარაზზე გაეტანა საკუთარი პრობლემები, ძალადობის, აფხაზეთის და ცხინვალის ადმინისტრაციის ტერიტორიების მიტაცება, საეკლესიო თვალსაზრისით დარღვევები ყველა შეთანხმებისა, რაც არსებობდა საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის, ეპარქიებთან დაკავშირებით სომხეთსა თუ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ასე შემდეგ”, – ამბობს მინდიაშვილი.
2. კრეტის საეკლესიო კრებაზე არწასვლა
მინდიაშვილი იხსენებს, რომ 2016 წელს, ათწლეულების შემდეგ უკანასკნელი საეკლესიო კრების გამართვიდან, კუნძულ კრეტაზე მერვე საეკლესიო კრების გამართვა იგეგმებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დასწრებაზე უარი მხოლოდ მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა დაგეგმილ საეკლესიო კრებას “მიუღებელი” უწოდა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პირველი იყო, ვინც კუნძულ კრეტაზე წასვლაზე უარი თქვა, შემდეგ კი უარი განაცხადეს ასევე ანტიოქიის, ბულგარეთისა და რუსეთის ეკლესიებმაც.
“ყველაზე საინტერესო არის ის, რომ გამოქვეყნებულია ფარული ჩანაწერი, სავარაუდოდ 2017 წლის 10 ნოემბერს, როგორ ხვდება 4 ეპისკოპოსი ილია მეორეს და როგორ არწმუნებენ მას, რა არგუმენტებით, რომ არ უნდა დაესწროს საეკლესიო კრებას. არგუმენტები შემდეგია: ეს არის ამერიკელების გაკეთებული კრება და მეორე, რომ ამ კრების მიზანი არის ვატიკანის გაძლიერება მართლმადიდებლურ სამყაროში. რეალურად, კრებაში არც ამერიკელები მონაწილეობენ და არც ვატიკანი. ეს ორი არგუმენტი ილია მეორესთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ არ მიეღო მონაწილეობა კრებაში”, – თქვა მინდიაშვილმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება, არ დასწრებოდა კრეტის საეკლესიო კრებას, მოიწონა კრემლის იდეოლოგმა, ალექსანდრ დუგინმა.
“რუსებს უყვართ საქართველო და ამ მშვენიერ, მართლმადიდებელ მიწაზე, ისეთი პერსონების ყოფნა, როგორიცაა კერი, რომელიც მოდის გაცხადებული მიზნით, რომ რუსულ-ქართული გაუგებრობა კიდევ უფრო მეტად გაამწვავოს, არ შეიძლება, არ იყოს საწყენი. მით უმეტეს, რომ სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიებმა ერთმანეთისადმი სრული სოლიდარობა გამოხატეს კრეტას კრებაზე არწასვლით”. – თქვა მაშინ დუგინმა.
3. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის არაღიარება
ბექა მინდიაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებაში, რომ დღემდე არ აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რუსეთის როლს ხედავს.
“ალბათ პირველი, ვისაც უნდა ეცნო და ეღიარებინა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად დაზარალებულია რუსეთისგან საქართველოს ეკლესია, რადგან უბრალოდ გაუქმებული ვყავდით, საეკლესიო კანტორად იყო ქცეული საუკუნის განმავლობაში ეკლესია და სანამ სტალინს 1943 წელს თავისი სქემების გამოსაყენებლად არ დასჭირდა, მანამდე არც გვაღიარეს და ახლაც უხეშად გვართმევენ ყველა უფლებას, რაც საეკლესიო სამართალშია აღიარებული, მათ შორის იმას, რომ ტერიტორიაზე არ უნდა გადმოვიდნენ. იგივე გზა გვაქვს გავლილი ავტოკეფალიის მისაღებად, ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც უნდა აღიაროს ავტოკეფალია, არის მსოფლიო ეკლესია. ეს ყველაფერი კანონიკურად მოხდა, მაგრამ იმის გამო, რომ რუსეთისთვის უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება არის კატასტროფული დარტყმა, საქართველოს ეკლესია დღემდე არ აღიარებს მის ავტოკეფალიას”. – თქვა მინდიაშვილმა.