საიდან მოდის ალტ-ინფოს ფული და გავლენა?

 

ავტორები: სალომე კვირიკაშვილი და ხატია ნიკოლაიშვილი

ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული პარტია, "კონსერვატიული მოძრაობა" დაკავშირებულია როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ხელისუფლებასთან. ფლანგვის დეტექტორმა ამ ძალადობრივი დაჯგუფების ფინანსები და სამთავრობო კავშირები გამოიკვლია.

 

“ალტ-ინფო” ანტიდასავლური და პრორუსული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია პლატფორმაა, რომელიც ძალადობრივი ქმედებებით და სიძულვილის ენით გამოირჩევა. სწორედ "ალტ-ინფოს“ რადიკალური დაჯგუფება იყო 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორი, რომელმაც რამდენიმე ათეული ჟურნალისტის ჯანმრთელობა და ოპერატორი ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე იმსხვერპლა.

მედიაპლატფორმა ოფიციალურად 2019 წლის 28 იანვარს დაფუძნდა შოთა მარტინენკოს და ციალა მორგოშიას მიერ. ანტიდასავლური პროპაგანდის მასშტაბის გასაზრდელად “ალტ-ინფო” აქტიურად იყენებს სხვადასხვა Facebook გვერდსა და ჯგუფს. 

2021 წლის 7 დეკემბერს “ალტ-ინფომ” პარტია "კონსერვატიული მოძრაობა" დააფუძნა. პარტიის თავმჯდომარეა ზურაბ მახარაძე, ხოლო გენერალური მდივანი გიორგი ქარდავა. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, პარტიის შექმნის მიზანი “ლიბერალური დემოკრატიის ქრისტიანული დემოკრატიით ჩანაცვლებაა”, თუმცა დემოკრატიის ნაცვლად პარტია ძალადობას, შეუწყნარებლობას და რუსეთთან დაახლოებას ქადაგებს. 

პარტიის დაფუძნებიდან მალევე, 14 მარტს, ერთ-ერთმა ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ “კონსერვატიული მოძრაობის” დელეგაციის რუსეთში წასვლა და პოლიტიკურ წრეებთან მოლაპარაკება დააანონსა

“კონსერვატიული მოძრაობა” დაარსების დღიდანვე ღიად ცდილობს საქართველოს პრორუსულ კურსზე გადაყვანას. სადამფუძნებლო ყრილობაზე, სადაც პარტიის პოლიტიკური ხედვების, საპროგრამო ამოცანების და სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა, პარტიის თავმჯდომარემ ზურაბ მახარაძემ განაცხადა “თუ რუსეთის ფედერაციას მართლა უნდა საქართველოსთან მოკავშირეული მდგომარეობა, ჩვენ მზად ვართ არათუ პირდაპირი და უპირობო დიალოგი დავიწყოთ, არამედ ვიმუშაოთ რომ რუსეთის ფედერაციასთან დავალაგოთ პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობა

აღსანიშნავია, რომ “კონსერვატიული მოძრაობის” ოფიციალური ვებ-გვერდის პროგრამული უზრუნველყოფა რუსეთიდან ხდება და ჰოსტინგის ლოკაციის მიხედვით, პარტიის საიტზე განთავსებული მონაცემები მოსკოვში ინახება. 

პარტიის წევრებმა რუსეთის დუმის დეპუტატებთან ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებით დისტანციური შეხვედრა უკვე გამართეს. იგეგმება დელეგაციის ვიზიტი კრემლში.

 

“კონსერვატიული მოძრაობის” აქტივობები

“კონსერვატიულმა მოძრაობამ” უკვე დაიწყო პოლიტიკური საქმიანობა. დღევანდელი მონაცემებით "კონსერვატიულმა მოძრაობამ" თითქმის დაასრულა რეგიონული ოფისების გახსნა. ბოლო მონაცემებით პარტიამ დედაქალაქსა და რეგიონებში ჯამში 61 ოფისი გახსნა.

ფლანგვის დეტექტორმა “კონსერვატიული მოძრაობის” რამდენიმე რეგიონული ოფისი გამოიკვლია და საყურადღებო ტენდენციები გამოკვეთა.

იქ, სადაც “კონსერვატიულ მოძრაობას” უარი უთხრეს საოფისე ფართის მიქირავებაზე, რამდენიმე შემთხვევაში, პარტიის რეგიონულმა წარმომადგენლობამ ფართის დაქირავება ქართული ოცნების ადგილობრივი მაღალჩინოსნებისა და მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირების დახმარებით შეძლო. ამის მაგალითია წყალტუბოს ოფისი. “ალტ-ინფოს” წევრებმა წყალტუბოს რეგიონული ოფისი საკრებულოში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის, ავთანდილ მხეიძის შვილის, რეზო მხეიძის საკუთრებაში არსებულ შენობაში გახსნეს. რეზო მხეიძესთან ერთად ამ ფართის თანამესაკუთრე არის აკაკი ლორთქინაფიძე, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთის მოქალაქეა.

ავთანდილ მხეიძე საკრებულოს დეპუტატი 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად გახდა. მან წყალტუბოს #2 სამაჟორიტარო ოლქში 51%-იანი მხარდაჭერით პირველივე ტურში გაიმარჯვა.

“კონსერვატიულ მოძრაობასა” და ხელისუფლებას შორის კავშირი აგრეთვე ოზურგეთის ოფისის გახსნისას გამოიკვეთა. თავდაპირველად პარტია ოფისის გახსნას ოზურგეთში, გურიის ქუჩის #17-ში გეგმავდა. ამას მოწმობს ოფისის გაფორმება პარტიული ემბლემებით. თუმცა ადგილობრივებისა და ოფისის რამდენიმე მესაკუთრის მოთხოვნის შემდეგ ალტ-ინფოს წევრებს მალევე მოუხდათ ოფისის დატოვება. საინტერესოა, რომ აღნიშნული ფართის ერთ-ერთი მესაკუთრე ილია კეჭაყმაძის მეუღლე, მარინა დოლიძე-კეჭანყმაძეა. ილია კეჭაყმაძე თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, დაახლოებული პირი და მისი კომპანიის შპს “კალა კაპიტალის” დირექტორია. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, "კონსერვატიული მოძრაობა" თავდაპირველად ოფისის გახსნას სწორედ კეჭაყმაძის დახმარებით ცდილობდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ფართს კიდევ 3 თანამასაკუთრე ჰყავს, ოფისის გასახსნელად ალტერნატიული ფართის მოძიება მოუწიათ. 

ასევე საეჭვო ტენდენცია შეიმჩნევა პარტიის რეგიონული ოფისის თავჯდომარეებთან მიმართებაში. რამდენიმე შემთვევაში “კონსერვატიული პარტიის” რეგიონული ოფისის ხელმძღვანელები და პარტიის წევრები პარალელურად დასაქმებულები არიან ადგილობრივი მერიის ა(ა)იპ-ებში. “კონსერვატიული მოძრაობის” ჩხოროწყუს რეგიონული ოფისის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ემზარ მიქავა უკვე 4 წელია, რაც ჩხოროწყუს მერიის ა(ა)იპ-ში მუშაობს – "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრში” უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე. აღნიშნული ა(ა)იპ-ი ადგილობრივი მერიის დაქვემდებარებაშია და შესაბამისად თანაშრომლები ხელფასს ჩხოროწყუს ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებენ.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ალტ-ინფოს ჩხოროწყუს ოფისის კიდევ ერთი წარმომადგენელი, მანუჩარ შენგელია, ჩხოროწყუს სახანძრო სამსახურშია დასაქმებული. 

ანალოგიური მდგომარეობაა ხონის რეგიონულ ოფისშიც. “კონსერვატიული მოძრაობის” ხონის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი გია მანაგაძე დასაქმებულია ა(ა)იპ ხონის კომუნალურ სერვის-ცენტრში, რასაც ამავე სამსახურის ხელმძღვანელი აკაკი გოფოძე ადასტურებს. 

ხონის ოფისის კიდევ ერთი თანამშრომელი სოსო სულავა აგრეთვე წლებია მუშაობს ხონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ხონის სამხატვრო სკოლაში, რასაც ამავე ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი სატელეფონო საუბარში ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა არ უკრძალავს მერიის ა(ა)იპ-ის თანამშრომლებს პოლიტიკურ საქმიანობას, თუმცა ჩნდება კითხვა, რამდენად გამართლებულია პრორუსული პარტიის ლიდერები ხელფასს ბიუჯეტიდან იღებდნენ?

 

საიდან ფინანსდება “კონსერვატიული მოძრაობა”?

ქვეყნის მასშტაბით ოფისების გახსნის ფაქტები არა მხოლოდ ხელისუფლებასთან კავშირების გამოა საინტერესო, არამედ ფინანსური კუთხითაც. რეგიონული ოფისების ქირაში "კონსერვატიული მოძრაობა" თვეში დაახლოებით 1500 ლარს ხარჯავს. ამის შესახებ ინფორმაცია დავით სოლომონიძესგან მივიღეთ, რომელიც პარტისთვის საოფისე ფართის მიქირავებას აპირებდა. მისი თქმით, “კონსერვატიული მოძრაობის” წარმომადგენლები მას 1500 ლარის გადახდას და ხულოში 2 ადამიანის დასაქმებას დაპირდნენ, რომელთაც 500-500 ლარს გადაუხდიდნენ. თუ ვივარაუდებთ, რომ საშუალოდ ერთი ოფისის ქირაზე პარტია 1500 ლარს ხარჯავს, წლის განმავლობაში ეს თანხა დაახლოებით 91,500 ლარი იქნება, რასაც დაემატება ოფისის ხელმძვანელების ხელფასებიც. საინტერესოა, საიდან ახერხებს "კონსერვატიული მოძრაობა" თანხების მობილიზებას?

მიმდინარე მონაცემებით პარტიას შემოწირულობების სახით მხოლოდ 93,035 ლარი აქვს მოზიდული. საერთო ჯამში პარტიას 2 თვის განმავლობაში (თებერვალსა და მარტში) 96 პირმა შესწირა თანხა. პარტიის დანახარჯების გათვალისწინებით ცხადია, მხოლოდ შემოწირულობებიდან მიღებული თანხებით ამდენი ოფისის გახსნა და ხელფასების დაფარვა შეუძლებელია.

კონსტანტინე მორგოშია – პარტიის “უქონელი” დამფინანსებელი

“კონსერვატიული მოძრაობის” ფინანსური რესურსის ძიებას მივყავართ ალტ-ინფოს ერთ-ერთ ლიდერთან, კონსტანტინე მორგიშიასთან, რომელიც – როგორც თავად პარტიაში აცხადებენ – პარტიის ერთ-ერთი დამფინანსებელია. 

კონსტანტინე მორგოშია წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში სახელმწიფო ქონების მითვისებისა და თაღლითობის ბრალდებით იყო დაკავებული. მორგოშიას ადვოკატის რანგში მის უფლებებს ქართული ოცნების ერთ-ერთი ამჟამინდელი ლიდერი მამუკა მდინარაძე იცავდა, რომელსაც სხვადასხვა დროს ეკავა როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობა. 

კონსტანტინე მორგოშიას სამართალდარღვევის ფაქტი ქართული ოცნების მმართველობის პერიოდშიც უფიქსირდება. ქართული კანონმდებლობით, პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისაგან მიღებული შემოწირულობების საერთო ოდენობა წელიწადში 60,000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 2016 წელს კონსტანტინე მორგოშიამ პარტია “პატრიოტთა ალიანსს” კანონით დადგენილ თანხაზე მეტი, 91,600 ლარი ოჯახის წევრების მეშვეობით შესწირა. დარღვევის დადასტურების შემდეგ სასამართლომ კონსტანტინე მორგოშიას 180,000 ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა, თუმცა ჯარიმის გადახდაზე კონსტანტინე მორგოშიამ უარი განაცხადა. მორგოშია 2017 წლიდან მოვალეთა რეესტრშია რეგისტრირებული. 

ჯარიმის გადაუხდელობის გამო სააღსრულებო ბიუროს მისი ქონების დაყადაღების უფლება აქვს, თუმცა ეს ფაქტი მორგოშიასთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ყველა ფინანსური აქტივი, მათ შორის უძრავი ქონება, ოჯახის წევრების სახელზე აქვს გაფორმებული. 

სხვადასხვა დოკუმენტებში კონსტანტინე მორგოშია არის ციალა მორგოშიას და გიორგი მორგოშიას წარმომადგენელი და მათი სახელით ახორციელებს უძრავი ქონების შეძენა/გასხვისებას, ახალი კომპანიების რეგისტრაციას და სხვა ფინანსურ ტრანზაქციებს. ციალა მორგოშია კონსტანტინე მორგოშიას მამიდაა, ხოლო გიორგი მორგოშია – მისი ძმა. 

საჯარო რეესტრის მიხედვით კონსტანტინე მორგოშია დაკავშირებულია რამდენიმე კომპანიასთან. ეს კომპანიებია:

  • შპს მაგნუს დიზაინი; 

  • შპს საინვესტიციო ჯგუფი კონსტანტინე; 

  • შპს ალტერნატივა საქართველოსთვის; 

  • შპს გრანდე გრუპ ჯორჯია;

  • შპს კემ კონსტრაქშენი. 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონის მიხედვით, კომპანიას, რომლის წლიური შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება, არ აქვს ფინანსური ანგარიშგების საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულება. საინტერესოა, რომ კონსტანტინე მორგოშია და მასთან დაკავშირებული კომპანიები არ აქვეყნებენ ფინანსურ ანგარიშგებას.

აღნიშნული ფაქტი და ასევე ის, რომ მორგოშიას საკუთრებაში საჯარო რეესტრის მიხედვით უძრავი ქონება არ ფიქსირდება მის ფინანსებზე კითხვებს ბადებს. როდესაც "კონსერვატიული მოძრაობა" აცხადებს, რომ მათ ძირითადად კონსტანტინე მორგოშია აფინანსებს, საინტერესოა, რა ფინანსური რესურსით ახერხებს ამას, როდესაც საკუთარი კომპანიებისგან საამისო შემოსავალი არ უფიქსირდება. როგორ უზრუნველყოფს ის პირად კეთილდღეობას და ამავდროულად ფარავს რეგიონული ოფისების გახსნასთან დაკავშირებულ ხარჯებს?

 

კონსტანტინე მორგოშიას სავარაუდო კავშირები თბილისის მერიასთან

კონსტანტინე მორგოშია ფიგურირებს 2021 წლის 13 სექტემბერს მედიით გავრცელებულ, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების შემცველ ჩანაწერებში, სადაც საუბარია თბილისის მერის, კახა კალაძისა და კონსტანტინე მორგოშიას ურთიერთკავშირზე. 

ამ ჩანაწერში ძალადობრივი დაჯგუფების – “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფების სხვა ლიდერთან – “პრიმაკოვის ცენტრის” ხელმძღვანელ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან საუბრისას აღნიშნავს, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ კონსტანტინე მორგოშიას ორჯერ მისცა უკანონო მშენებლობის ნებართვა. ამასთანავე, ჩანაწერების მიხედვით, თბილისის მერმა მათი საარჩევნო კამპანიაც დააფინანსა, როცა დახმარების მიზნით კონსტანტინე მორგოშიას 300,000 აშშ დოლარი გადასცა.

კონტანტინე მორგოშიას ძმის, გიორგი მორგოშიას სახელი სწორედ თბილისის მერიასთან კავშირში ტივტივდება: 2018 წლის 4 სექტემბერს გიორგი მორგოშიამ დეველოპერულ კომპანია “დემაქს ვაკესთან” მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად გიორგი მორგოშიას მხარეთა მიერ მისაღები პირობებით პროექტისა და სამშენებლო ნებართვის მიღება დაევალა, რის სანაცვლოდ “დემაქს ვაკეს” მისთვის 800 კვ.მ საცხოვრებელი ფართი უნდა გადაეცა. ამასთანავე, “დემაქს ვაკისაგან” საცხოვრებელი ფართის გარდა გიორგი მორგოშიას 110,000 აშშ დოლარიც უნდა მიეღო. 

გიორგი მორგოშიამ მშენებლობის ნებართვის მოპოვების მაქსიმალურ ვადად 3 თვე მოითხოვა, რაც როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მშენებლობის ნებართვის მისაღებად ძალიან მცირე დრო არის. ხელშეკრულება მხარეებს შორის 2018 წლის 4 ოქტომბერს დაიდო, კომპანიამ კი მშენებლობის ნებართვა 2019 წლის 7 მარტს მიიღო.

 მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მორგოშიას, როგორც შემსრულებელს პროექტის შეთანხმების და სამშენებლო ნებართვის მიღების ვალდებულება ჰქონდა, ის არქიტექტურის სამსახურის ჩანაწერებში არსად ფიგურირებს.

 სამშენებლო ნებართვის მოპოვების შემდეგ “დემაქს ვაკემ” შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და გიორგი მორგოშიას 800 კვ.მ ფართობის უძრავი ქონება საკუთრებაში გადასცა.

 დემაქს ვაკე ელიტური კომპლექსია, რომლის 1 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ღირებულება 1700- 2000 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად გიორგი მორგოშიამ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ დაახლოებით 1,360,000 - 1,600,000 აშშ დოლარის ღირებულების ქონება და 110,000 აშშ დოლარი მიიღო.

2019 წელს ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, გიორგი მორგოშიამ დემაქს ვაკეში გადასაცემი ქონება მისივე თანხმობით შვიდ პირზე გადაანაწილა. მათ შორის იყვნენ მამიდა ციალა მორგოშია და ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი გია კორკოტაშვილი. ქართული მარშის ლიდერმა, გია კორკოტაშვილმა გიორგი მორგოშიასგან ორი ბინა “დემაქს ვაკის” საცხოვრებელ კომპლექსში უსასყიდლოდ მიიღო, რომლის საერთო ფართობი 145.2 კვ.მ-ია.

თუმცა ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა მორგოშიებისა და კალაძის გზები იკვეთება. “დემაქს ვაკის” შემთხვევა ძალიან ჰგავს კიდევ ერთ გარიგებას, რომელიც ასევე მერიის სამშენებლო ნებართვასთან და მიწის ნაკვეთის პრივატიზაცისთან არის დაკავშირებული. ამ შემთხვევაშიც კონსტანტინე მორგოშიას ძმა გიორგი მორგოშია ი.მ.ა აკურისთვის მომსახურების გამწევად გვევლინება, რომელიც მოლაპარაკებებს სავარაუდოდ თბილისის მერიასთან აწარმოებს. 

ამხანაგობა ი.მ.ა აკური მიწის ნაკვეთს თბილისში, კვერნაძის ქუჩაზე ფლობდა და საცხოვრებელ კორპუსს აშენებდა. თუმცა, როგორც საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმეტაციიდან ირკვევა, მშენებლობა ვერ სრულდებოდა. ამის გამო ამხანაგობამ განცხადებით მიმართა თბილისის მერიას და დაუმთავრებელი მშენებლობის ხელშემწყობი ღონისძიებები მოითხოვა. ი.მ.ა-მ მერიას შესთავაზა, რომ არსებული მშენებლობიდან 1265 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთს მერიას გადასცემდა სარეკრეაციო ზონისთვის, ხოლო მერია თავის მხრივ მშენებარე კორპუსს განაშენიანების კოეფიციენტს შეუმცირებდა (27 სართულიდან 13 სართულამდე) და გადასცემდა 7700 კვადრატ ფართობს ნუცუბიძის ფერდობზე.

თბილისის მერიის სპეციალურმა კომისიამ მოიწონა ეს წინადადება და ამის საფუძველზე მერიამ ამხანაგობას 7700 კვადრატი მიწა სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიჰყიდა. ამხანაგობისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის რეალური ღირებულება სსიპ- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასდა , რომლის დასკვნის მიხედვითაც, 2019 წლის ნოემბრის თვის მდგომარებით, მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 3,456,500 ლარს შეადგენს, ხოლო თბილისის მერიისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება თითქმის ნახევარი – 1,505,350 ლარია. 

შეიძლება ითქვას, რომ ამხანაგობამ თბილისის მერიისგან სარფიანი გარიგება მიიღო. ნუცუბიძის ახალ ფართობზე ი.მ.ა-მ მალევე დაიწყო მშენებლობა და ამ შენობაში გიორგი მორგოშია 400 კვადრატულ საცხოვრებელ ფართს ფლობს. როგორც ირკვევა, მორგოშიამ აღნიშნული საცხოვრებელი ფართი ამხანაგობისთვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ მიიღო, რითაც ფართის საფასური გადაიხადა. ჩვენთვის უცნობია, ზუსტად რა ტიპის მომსახურება გაუწია გიორგი მორგოშიამ ამხანაგობას და რის საფუძველზე მიიღო 400 კვ.მ ფართი მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსში, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გ. მორგოშია დაკავშირებულია თბილისის მერიასთან სამშენებლო ნებართვის მოპოვებასა და მოლაპარაკებაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა იგივე ტიპის გარიგებას საჯარო უწყებასთან. 

ეს ორივე შემთხვევა საეჭვოდ ემთხვევა სუს-ის ფაილებში ნახსენებ ორ, სავარაუდოდ უკანონო სამშენებლო ნებართვას, რომელიც თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მორგოშიას გადასცა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევამოწმებთ ჩანაწერებში ნახსენები ფაქტების ნამდვილობას, თუმცა დამთხვევა ამის გამართლებულ ეჭვებს ბადებს

დასკვნა

განხილული შემთხვევები და სუს-ის ფაილებში მოცემული ინფორმაცია თბილისის მერიის მიერ გაცემული სამშენებლო ნებართვების თაობაზე, გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფები და მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური ძალები ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წევრების ირიბი მხარდაჭერით სარგებლობდნენ.

*აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ფლანგვის დეტექტორმა დემაქს- ვაკის ქეისის შესასწავლად მიმართა ექსპერტს, რომელმაც დაადასტურა აღნიშნულ საქმეში კანონდარღვევები, რის შემდეგაც საქმე გამოსაძიებლად გადავეცით თბილისის პროკურატურას. ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

მასალა მომზადებულია პროექტის “საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს Zink Network. პროექტი დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორის ან ორგანიზაციის შეხედულებებს.